ავტოსპორტი

21:32 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოჟიემ შვედეთის რალიც მოიგო

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ ამ სეზონის მეორე ეტაპი - შვედეთის რალიც მოიგო და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ლიდერობა განიმტკიცა. ოღონდ, ეს გამარჯვება, რომ იტყვიან, რბოლის ბოლო წუთებზე მოიპოვა. ამჯერადაც მას ძლიერი მეტოქეობა გაუწია ბრიტანელმა კრის მიკმა, თუმცა პირველივე დღეს ის თოვლში ჩაფლულ ლოდს დაეჯახა და რბოლას დაზიანებული მანქანით გამოეთიშა.

ამის შემდგ, მეორე ადგილზე ახალზელანდიელმა ჰეიდენ პადონმა გადაინაცვლა, რომელასაც პირველად მიეცა ახალი „ჰიუნდაი i20 WRC-ს“ პილოტირების საშუალება. მართალია, პირველ დღეს მან უღიმღამო სტარტი აიღო, მაგრამ შაბათის სპეცმონაკვეთებზე ტემპი გაზარდა და ოჟიესთან ჩამორჩენა თანდათან შეამცირა. მარტო ერთ, ვარგასენის სპეცმონაკვეთზე, ლიდერს 23 წამი ამოუქაჩა. და მაინც, ოჟიემ ბოლოს თავისი უპირატესობა თითქმის ნახევარ წუთამდე გაზარდა და მესამედ მოიგო შვედური რალი.

გამარჯვებასთან ერთად, ოჟიემ რბოლის დამამთავრებელი, სუპერ სპეცმონაკვეთიც მოიგო, რისთვისაც სამი ბონუს ქულაც დაიმსახურა. ამგვარად, პირველი ორი ეტაპის შემდეგ, ფრანგმა მრბოლმა ქულების მაქსიმუმი დააგროვა და ჩემპიონატს 56 ქულით ლიდერობს. პადონისთვის კი, ვინც სულ მესამედ იასპარეზა შვედეთის თოვლიან გზებზე, ეს თავის კარიერაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა. მან გასულ სეზონში მეორე ადგილი იტალიის რალიზე დაიკავა.

მაგრამ მისი მეორე დასამტკიცებლად, პადონს მოცდა მოუწევს. საქმე ისაა, რომ სუპერ სპეცმონაკვეთზე რბოლისას, ის ბოძს დაეჯახა და რადიატორი დაუზანდა. სახელდახელო რემონტის შემდეგ, მან სერვის ცენტრამდე მიაღწია. რბოლის სტიუარდები კი სწორედ ამ შემთხვევას განიხილავენ. თუ აღმოჩნდა, რომ კივიმ წესები დაარღვია, მას ჯარიმა ელის.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი ორ ნორვეგიელს - მადს ოსტბერგს და ანდრეას მიკელსენს შორის გაჩაღდა. მაგრამ მე-14 სპეცმონაკვეთზე მიკელსენმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, მესამე ადგილი ოსტბერგს დარჩა.

კვლავ ხელი მოეცარა იარი-მატი ლატვალას, რომელსაც პირველივე დღეს ტრანსმისიაში პრობლემები შეექმნა, ბოლოს კი საკიდარის პრობლემების გამო, რბოლას გამოეთიშა.

შვედეთის რალის შედეგები

  1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 1:59:47.400
  2. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) +00:29.800
  3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 00:55.600
  4. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 01:10.800
  5. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 01:50.700
  6. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 02:24.000
  7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 02:40.000
  8. კრეიგ ბრინი (ირლანდია, სიტროენი) 02:44.600
  9. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) 05:17.000
  10. ტეემუ სუნინენი (ფინეთი, შკოდა) 05:31.600

კლასიფიკაცია 2 ეტაპის შემდეგ

სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) – 56 ქულა; 2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) – 33; 3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) – 27; 4. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) – 18; 5. დანი სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) – 18; 6. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) – 16; 7. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) – 15; 8. სტეფან ლეფებვრი (საფრანგეთი, სიტროენი) – 10...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170011