ფეხბურთი

2:51 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი კვირას: ეფექტების გარეშე

თურქეთში კვლავ უთამაშებელი დარჩა თორნიკე ოქრიაშვილი. “ესკიშეჰირსფორმა” ქართველის გარეშე სძლია “ანთალიასფორს” (3:2), თუმცა ჯერ ისევ ბოლო ადგილზეა.. ოქრიაშვილი სათადარიგო იყო. საწყენია, რომ თორნიკეს არც თურქეთში ეძლევა თამაშის პრაქტიკა – ასე იყო ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიურ “გენკშიც”.

არც ნიკა ძალამიძე გამოჩენილა მინდორზე. “რიზესფორმა” “სივასფორთან” სტუმრად 1:2 წააგო, ნიკა კი განაცხადშიც არ გახლდათ. წინა ტურში ის დუბლებში ათამაშეს.

ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ლევან შენგელიას “ტუბიცემ” სტუმრად 2:1 აჯობა “სენტ ჟილუას” და მეორე ადგილზეა. შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა, ის გუნდში აშკარად კარგად ჩაეწერა და დიდი შანსია, მომდევნო სეზონში უკვე უმაღლეს ლიგაში ითამაშოს. “ტუბიცეს” გადასვლის კარგი შანსი აქვს.

კვიპროსზე “პაფოსმა” შინ 4:1 აჯობა “აია ნაპას” და ბოლოდან მესამე პოზიციაზეა. “პაფოსში” შეუცვლელად ითამაშა ლევან ხმალაძემ. “ეთნიკოსმა” კი “არისთან” გასვლაზე 0:2 წააგო. “ეთნიკოსში” სამივე ქართველი მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე: ჯერ რევაზ ბარაბაძე, მერე შოთა გრიგალაშვილი და ელგუჯა გრიგალაშვილიც. ქართველების გუნდი ბოლოდან მეოთხეზეა.

გერმანიის მესამე ლიგაში “ვერდერის” 23-წლამდელები სტუმრად 1:2 დამარცხდნენ დრეზდენის “დინამოსთან”. გიორგი პაპუნაშვილმა 60-ე წუთამდე ითამაშა და თავისიანთა გოლშიც დაიდო წვლილი. მეორე ბუნდესლიგაში კი, ლუკა ჰუფნაგელმა “ფრაიბურგი”-“ფორტუნას” შეხვედრაში (1:2) ბოლო 25 წუთი ითამაშა. “ფრაიბურგი” მეორე ადგილზეა.

საბერძნეთში გიორგი მერებაშვილის “ლევადიაკოსი” 0:2 დამარცხდა “პანეტოლიკოსთან” და მე-11 საფეხურზეა. მერებაშვილი სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

პორტუგალის მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძის “ფეირენსე” აგებდა “პორტიმონენსესთან”, მაგრამ 2:1 გაიმარჯვა და მესამე ადგილზეა. მაკარიძემ კარგად ითამაშა, მისი გუნდი კი მესამე პოზიციაზეა და უმაღლესში გადასასვლელად იბრძვის.

გუშინ აშკარად უკეთესი იყო ქართული ლეგიონი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16302