ძიუდო

20:33 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა ძიუდოს მომავალი გამოიკვეთა 

გასულ უქმეებზე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა ჭაბუკებს შორის. ძიუდოს აკადემიაში ვაჟებმა შეხვედრები 13 და 14 თებერვალს გამართეს, გოგონებმა კი მხოლოდ ერთ დღეს - კვირას იჭიდავეს.

ბიჭების ტურნირი ძალიან საინტერესო გამოდგა, მაგრამ ჩვენ როგორც გოგონათა ძიუდოს არანაკლები გულშემატკივრები, ამჯერად სუსტი სქესის წარმომადგენელთა შეჯიბრზე გავამახვილებთ ყურადღებას. ვაჟებზე კი მომდევნო წერილში მოგითხრობთ.
თავიდანვე უნდა ითქვას წლევანდელმა ჩემპიონატმა გოგონათა აქამდე არნახულ რაოდენობას მოუყარა თავი. თბილისის ტატამზე რვავე წონით კატეგორიაში 45 მონაწილე გამოვიდა.
საერთაშორისო არენაზე ქართველი გოგონების ბოლოდროინდელმა წარმატებებმა მოზარდებში ძიუდოს ნამდვილი ბუმი გამოიწვია. ამ მხრივ ბოლო დროს სასიამოვნო ძვრები შეინიშნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც -საგარეჯოში, გორში, აჭარაში, იმერეთში და ამ ყველაფერმა ასახვა უკვე წლევანდელ პირველობაზეც ჰპოვა.
40 კგ წონით კატეგორიაში სულ ოთხი მონაწილე იყო და შეხვედრებიც წრიული სისტემით გაიმართა. ტრიუმფალური ჭიდაობა აჩვენა საგარეჯოელმა სალომე გულისაშვილმა.
მის ეფექტურ გდებებს გულგრილი არ დაუტოვებია დარბაზში შეკრებილი მრავალრიცხოვანი მაყურებელი.
გულისაშვილმა სამივე ბრძოლა წამებში, ლამაზად მოიგო. იმდენად, რომ მის მწვრთნელს - ლუდა ფერაძეს ნამდვილად მიეცა სიამაყის საბაბი და ჩვენ კი იმის იმედი, რომ ეს სპორტსმენი უცილობლად შეძლებს კარგ ძიუდოისტად ჩამოყალიბებას.
მეორე ადგილი სალომე არაბულმა დაიკავა, მესამე კი ლიკა მზარეულიშვილი იყო.
44 კგ-ში უპირობო ფავორიტად 14 წლის თბილისელი სალომე ბლიაძე მიიჩნეოდა.
ბლიაძემ ისე იჭიდავა, მცირედი ეჭვიც არავის შეპარვია მის სიძლიერეში. ანა ასანიშვილი და ვარდიკო გუჩაშვილი სულ წამებში, ეფექტური გდებებით დაამარცხა. ნახევარფინალში ანა იმერლიშვილიც ადვილად ჩამოიშორა გზიდან და ფინალში მარიამ ლაფაჩიშვილს გადაეყარა.
თავიდან ჩრდილში მყოფი ლაფაჩიშვილი ისე მედგრად ეკვეთა ფავორიტს, ისეთი ბრძოლა გაუმართა, გამოცდილ ფალავანს შეშურდებოდა.
შეხვედრის ბოლომდე გაურკვეველი იყო ჩემპიონის ბედი, თუმცა მაინც ბლიაძემ იძალა და ოქროს მედალიც ირგუნა.
ლაფაჩიშვილს კი ნამდვილად ეკუთვნის ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენის ტიტული.
მესამე ადგილები ანა ასანიშვილმა და ანა ეთემაძემ დაიკავეს.
48 კგ-ში სერიოზული შემადგენლობა შეიკრიბა. გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადის პრიზიორი, ასევე კადეტებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონეტების მონაწილე 17 წლის ნატალია ყიფშიძე სახელდებოდა.
თუმცა პირველივე შეხვედრა გორელ მარიამ მაზანაშვილთან ურთულესი გამოდგა.
შიდა ქართლელი სპორტსმენი არაფრის დათმობას არ აპირებდა, ერთ მომენტში გდებაც გააკეთა, მაგრამ მსაჯებმა არ შეაფასეს.
საბოლოოდ გამარჯვებული ყიფშიძე გამოვიდა, ვისაც მოგება ძვირად დაუჯდა - სერიოზულად დაიზიანა ფეხი და ტურნირის ბოლომდე ტრავმით იჭიდავა.
მაზანაშვილის თავდადებამ კი ტრიბუნებს სამართლიანად მოსწყვიტა ოვაცია.
პირველ შეხვედრაში "ბეწვის ხიდზე" გავლის შემდეგ ყიფშიძემ ძალების სრული კონცენტრაცია მოახდინა და დამაჯერებლად დაამარცხა ძალზედ პერსპექტიული საგარეჯოელი 14 წლის მარი კოხტაშვილი, ვისაც შესაშური ფიზიკური და ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით, ვფიქრობთ გამორჩული კარიერა ელოდება.
საერთოდ ეს წონა ძალიან დაძაბული გამოდგა. ფინალში ქვედა ბადიდან ტურნირის კიდევ ერთი აღმოჩენა 15 წლის თბილისელი ხატია მინდიაშვილი გავიდა.
ფიზიკურად ძლიერმა მინდიაშვილმა დამაჯერებლად დაამარცხა გვანცა მეხრიშვილი, ნატო ფოთელიძე და ფინალში არც ყიფშიძესთვის აპირებდა რამის დათმობას.
თუმცა ამ უკანასკნელის გამოცდილებამ თავისი გაიტანა და მინდიაშვილი მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ნატალია ყიფშიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა წონაში ლიდერის სტატუსი
მინდიაშვილს კი გულდასაწყვეტი არაფერი აქვს - მან ომახიანად შეაბიჯა წონის საუკეთესოებში და ყველას აგრძნობინა, რომ მისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევთ.
ვფიქრობთ, მომავალში ხატია მინდიაშვილს საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენის შანსიც მიეცემა.
მესამე ადგილები ამ წონაში აჭარელმა ნატო ფოთელიძემ და ზემოთ ხსენებულმა მარი კოხტაშვილმა დაიკავეს.
52 კგ-ში იმთავითვე მთავარი ინტრიგა ის იყო, ვინ მოახერხებდა საპრიზო ადგილების დაკავებას, თორემ გამარჯვებულის ვინაობა აქ ჩემპიონატის დაწყებამდეც ცნობილი იყო.
მზია ბებოშვილის ახალგაზრდებში გადასვლის შემდეგ, ჭაბუკებში ბურთი და მოედანი საქართველოს ნაკრების წევრს - 16 წლის აჭარელ ნინო მგელაძეს დარჩა, ვინც იმდენად ძლიერია, რომ ფაქტობრივად სხვა პლანეტიდან ჩამოსულ ტერმინატორს უფრო ჰგავდა, ისე მშვიდად და აუღელვებლად წამებში მოიგო მთელი ტურნირი.
აჭარის დამსახურებულ მწვრთნელს - ნანი კირკიტაძეს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ასეთი მარგალიტის გაზრდისთვის და საერთოდაც აღსანიშნავია, რომ კირკიტაძეს და შესაბამისად, აჭარის რეგიონს ამ ჩემპიონატზე მართლაც ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავდა ჩამოყვანილი.
აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ქუთაისელი ლუდმილა სილაგაძე.
დავით თევდორაძის აღზრდილმა სილაგაძემ ურთულესი ბრძოლა მოუგო მარი თედლიაშვილს და ფინალში გასვლით სანატრელი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
ბრინჯაოს პრიზიორები მარიამ მუხიგულიანი და მარი თედლიაშვილი გახდნენ.
57 კგ-ში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. შესაბამისად, ძალზედ თვალსასეირო შეხვედრებიც სწორედ აქ იხილა მაყურებელმა.
მზია ბებოშვილის უმცროსი და ელენე ბებოშვილი, ცნობილი ძიუდოისტის შორენა შარაძის უმცროსი და ხატია შარაძე, თიკო რევაზიშვილი და ანა ხუნჯუა საქართველოს ნაკრების პოტენციური კანდიდატები არიან და საკუთარი სიძლიერის დამტკიცება სურდათ.
მას შემდეგ, რაც წინა დღით კიდევ ერთმა ფავორიტმა ლილე ხარანაულმა ტრავმა მიიღო, ელენე ბებოშვილს შედარებით ადვილად გაეხსნა გზა ფინალამდე.
ელენემ ანა მაღლაკელიძე დაამარცხა და მშვიდად მოთავსდა ტრიბუნებზე ქვედა ბადის შეხვედრების საცქერლად.
იქ თავდაპირველად რევაზიშვილს და შარაძეს მოუწიათ დაპირისპირება.
სრულიად თანაბარ ბრძოლაში მაინც საგარეჯოელმა რევაზიშვილმა იძალა და ნახევარფინალში ხუნჯუასთან შეხვედრა დაიბევა.
ეს ნახევარფინალური პაექრობა, თამამად შეიძლება ითქვას გოგონათა მთელი ტურნირის მშვენება გამოდგა.
თავისუფალი ჭიდაობიდან ძიუდოში გადმოსულმა ხუნჯუამ საფირმო "წისქვილით" ვაზარიზე დააგდო მეტოქე. თუმცა შემდეგ ფიზიკურად ძლიერმა რევაზიშვილმა შებოჭვაზე მოაყოლა ხუნჯუა და გამარჯვება აღარც გაუშვა ხელიდან.
ფინალი ბებოშვილს და რევაზიშვილს შორის არანაკლებ დაძაბული იყო.
გულშემატკივარი არცერთს აკლდა. მთელი დარბაზი ამ ორთაბრძოლის მოლოდინში გაირინდა.
ბებოშვილი დამაჯერებლად ჭიდაობდა, დაწინაურდა კიდეც. თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია რევაზიშვილის თავდადება, ბრძოლის უნარიანობა.
მას ბოლო წამამდე არ დაუყრია ფარ-ხმალი, მაგრამ შეხვედრის შემობრუნება მაინც ვერ შეძლო. გულითადად მიულოცა მეტოქეს გამარჯვება, ტატამიდან გამოსულმა კი ცრემლები ვეღარ შეიკავა.
ვფიქრობთ, ლუდა ფერაძის აღზრდილი რევაზიშვილიც იმსახურებს საერთაშორისო სარბიელზე მონაწილეობის შანსს.
მესამე ადგილებზე აჭარელი ხატია შარაძე და მწვრთნელ კახა მოცრაძის შეგირდი თბილისელი ანა ხუნჯუა გავიდნენ.
აუცილებლად უნდა ითქვას იციც, რომ ჯანმრთელობის მცირე პრობლემების გამო, ეს ჩემპიონატი გამოტოვეს აღიარებულმა ლიდერებმა - ჭაბუკთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა და ჭაბუკთა ევროპის პრიზიორმა მარიამ ჭანტურიამ.
63 კგ-ში ასაკთან შედარებით ძალიან დაღვინებული და თავდაჯერებული ჭიდაობა აჩვენა 16 წლის აჭარელმა ქრისტინე მამულაძემ.
იგი მშვიდად, აკადემიურ სტილში ისე ოსტატურად გაუსწორდა მეტოქეებს, რომ ყველაზე გამოცდილ ფალავნებსაც კი შეშურდებოდათ.
მამულაძემ ტრიუმფალურად განვლო გზა ჩემპიონობამდე. ვფიქრობთ არც ნაკრების მწვრთნელებს გამორჩენიათ ქრისტინეს ასეთი გამოსვლა და მასაც მიიწვევენ გუნდში.
კვარცხლბეკი 63 კგ-ში თითქმის მთლიანად აჭარული გამოდგა. ფინალში სალომე ლომაძემ იჭიდავა, ქეთი ჩხაიძე კი მესამე იყო. ერთადერთი "უცხო" მედალოსნებში ქუთაისელი ინდირა სილაგაძე გახლდათ.
მწვრთნელ დავით თევდორაძის უპირველესმა ფალავანმა, 2001 წელს დაბადებულმა ინდირა სილაგაძემ ძალიან დასამახსოვრებელი ჭიდაობა აჩვენა.
მას არ გაუმართლა, რომ პირველივე შეხვედრაში 2 წლით უფროს ფავორიტს - მამულაძეს გადაეყარა, თორემ ვინძლო ფინალშიც კი გვეხილა.
ყველანაირი მონაცემებით გამორჩეული სილაგაძე, ვფიქრობთ, უცილობლად მოხვდება სპეციალისტთა თვალთახედვის არეში.
70 კგ-ში ორად-ორი მონაწილე დარეგისტრირდა და შესაბამისად მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრების წევრმა 16 წლის სალომე მჭედლიშვილმა 12 წამში დაამარცხა გულიკო კახოიანცი და ოქროს მედალი მოიპოვა.
საჭიდაო დღე ძალზედ სახალისო ორთაბრძოლებით მძიმეწონოსნებმა დაასრულეს.
უფრო სწორედ კი საქართველოს ნაკრების წევრმა, უდიდესი ტალანტის მქონე 15 წლის სოფიო სომხიშვილმა, ვინც ულამაზესი სანახაობა შესთავაზა მაყურებელს.
ყველა შეხვედრაში ხომ ერთმანეთზე უკეთესი გდებები აკეთა და ნახევარფინალში ქრისტინე ფუტკარაძესთან მის მიერ შესრულებული კისრული ულაპარაკოდ დღის საუკეთესო გდებად უნდა მივიჩნიოთ.
მომდევნო ადგილები აქ ასევე კახა მოცრაძის აღსაზრდელებმა დაიკავეს. მეორეზე მარიამ ცერცვაძე გავიდა, მესამე კი სალომე მაყიშვილი იყო.
კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ქრისტინე ფუტკარაძემ მოიპოვა.
ჩვენი შეფასებით გოგონებმა შემდეგი შეფასება დაიმსახურეს:
ტურნირის საუკეთესო ძიუდოისტი: ნინო მგელაძე
ყველაზე ეფექტური ძიუდოისტი: სოფიო სომხიშვილი
ყველაზე დამაჯერებელი ასპარეზობა: ქრისტინე მამულაძე
მომავლის იმედი: სალომე გულისაშვილი, სალომე ბლიაძე, ელენე ბებოშვილი
ტურნირის გმირობა: ნატალია ყიფშიძე
ყველაზე მებრძოლი ძიუდოისტი: თიკო რევაზიშვილი, მარიამ ლაფაჩიშვილი
ტურნირის აღმოჩენა: მარიამ მაზანაშვილი, მარი კოხტაშვილი, ხატია შარაძე, ინდირა სილაგაძე

გოგონები:
40 კგ.
1. სალომე გულისაშვილი (საგარეჯო), 2. სალომე არაბული (საგარეჯო), 3. ლიკა მზარეულაშვილი (წეროვანი), ლინდა ბუქიძე (აჭარა)

44 კგ.
1. სალომე ბლიაძე (საგარეჯო), 2. მარიამ ლაფაჩიშვილი (საგარეჯო), 3. ანა ასანიშვილი (საგარეჯო), ანა ეთემაძე (საგარეჯო)

48 კგ.
1. ნატალია ყიფშიძე (საგარეჯო), 2. ხატია მინდიაშვილი (საგარეჯო), 3. მარიამ კოხტაშვილი (საგარეჯო), ნატო ფოთელიძე (აჭარა)

52 კგ.
1. ნინო მგელაძე (აჭარა), 2. ლუდმილა სილაგაძე (ქუთაისი), 3. მარიამ თედლიაშვილი (გორი), მარიამ გურგულიანი (მესტია)

57 კგ.
1. ელენე ბებოშვილი (თბილისი), 2. თიკო რევაზიშვილი (საგარეჯო), 3. ანა ხუნჯუა (თბილისი), ხატია შარაძე (აჭარა)

63 კგ.
1. ქრისტინე მამულაძე (აჭარა), 2. სალომე ლომაძე (აჭარა), 3. ქეთი ჩხაიძე (აჭარა), ინდირა სილაგაძე (ქუთაისი)

70 კგ.
1. სალომე მჭედლიშვილი (საგარეჯო) , 2. გულიკო კახოიანცი (საგარეჯო)

+70 კგ.
1. სოფიო სომხიშვილი (თბილისი), 2. მარიამ ცერცვაძე (ზესტაფონი), 3. სალომე მაყიშვილი (თბილისი), ქრისტინე ფუტკარაძე (ზესტაფონი).

ვაჟები:

50 კგ.

1. ლაშა ნადირაძე (გორი), 2. ალექსანდრე ძამაშვილი (გარდაბანი), 3. ვალერი არხოზაშვილი (გორი), გიორგი თინაშვილი (დედოფლისწყარო)

55 კგ.
1. ამირან დარბაისელი (საგარეჯო), 2. გიორგი თუთაშვილი (ქუთაისი) , 3. არმაზ არჩუაძე (გორი), ოთარ ტალახაშვილი (თელავი)

60 კგ.
1. ლაშა ბექაური (დედოფლისწყარო), 2. ირაკლი ბეროშვილი (თბილისი), 3. გიორგი მღებრიშვილი (საგარეჯო), ნიკა ბასილაშვილი (საგარეჯო)

66 კგ.
1. ალეკო მამიაშვილი (გორი), 2. ლევან გუგავა (ლენტეხი), 3. გოგა გოგაშვილი (თბილისი), შალვა გაზაშვილი (ქარელი)

73 კგ.
1. ბაჩანა სარქისაშვილი (ახმეტა), 2. თორნიკე გვიჭიანი (ლენტეხი), 3. გიორგი გელაშვილი (თბილისი), ტატო გრიგალაშვილი (ქარელი)

81 კგ.
1. პაატა მარტიაშვილი (თბილისი), 2. მიხეილ ბექაური (თბილისი), 3. გოჩა ღვაჩლიანი (ქუთაისი), ნოდარ ბერიაშვილი (თბილისი)

90 კგ.
1. ომარ საური (გორი), 2. ალექსი სვიანაძე (ზესტაფონი), 3. გიორგი ჩიქოვანი (ზუგდიდი), ოთარ გოგიძე (გორი)

+90 კგ.
1. გელა ზაალიშვილი (თბილისი), 2. ამირან წიქორიძე (ქუთაისი), 3. ნიკა დონღვანი (ქუთაისი), ლევან ჭელიძე (თბილისი)

ირაკლი ხმელიძე

0.088486