ფეხბურთი

2:23 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძელთა დღე და დრამატიზმი ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდგომ მერვედფინალებით განახლდა. პირველი სათამაშო დღე მასპინძლების გამოდგა: “პარი სენ ჟერმენმა” “ჩელსის”, ხოლო “ბენფიკამ” “ზენიტს” მოუგო, თუმცა ზემოხსენებულ წყვილებში ყველაფერი განმეორებით მატჩებში გადაწყდება.

პსჟ-მ “ჩელსი” ყველა კომპონენტში დაჩაგრა და საბოლოო ჯამში მინიმალური სხვაობით, მაგრამ მაინც დამსახურებულად მოიგო. ლორან ბლანმა ურუგვაელი ედინსონ კავანი თადარიგში დატოვა და როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა მართებული გადაყწვტილებაც მიიღო. ამაზე ქვემოთ, მანამდე კი, საფრანგეთის ჩემპიონმა თამაში აქტიურად დაიწყო და დაწინაურება უკვე მე-2 წუთზე შეეძლო, როცა მარკო ვერატის შორეულ დარტყმას ტიბო კურტუა გაუმკლავდა. მასპინძლები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. სამაგიეროდ, ტაიმის შუაწელს, “ჩელსი” ლამის წინ გავიდა. ბაბა რაჰმანის ფლანგურ გადაცემას დიეგო კოშტას (თამაშგარეში იყო, თუმცა მსაჯს ეპიზოდი მხედველობიდან გამორჩა) თავური მოჰყვა და პსჟ ჯერ კევინ ტრაპის საოცარმა რეაქციამ, მერე კი ხარიხამ გადაარჩინა. თითქოს, პირველი ნახევარი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, როცა საქმეში ჯონ ობი მიკელი ჩაერია. ნიგერიელმა ნახევარმცველმა საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან თამაშის წესები დაარღვია და მერე ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესრულებულ სტანდარტს ფეხი იმდენად ცუდად დაუხვედრა ბურთი კურტუას კარის ბადეში აღმოჩნდა. აფრიკელმა ფეხბურთელმა შეცდომა 6 წუთში სრულად გამოისყიდა: ვილიანის კუთხურის დროს იბრაჰიმოვიჩი შეცდა და ბურთი მიკელს მიუვიდა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა და გატანა არც გასჭირვებია – 1:1. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, რომელიც ხელს აშკარად გუუს ჰიდინიკის ბიჭებს აძლევდა.

მეორე ტაიმში ლორან ბლანმა თავის გუნდი შეტევისკენ მომართა და პსჟ-მ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. თამაში რაც უფრო დასასრულისკენ მიდიოდა, მასპინძელთა ზეწოლა იზრდებოდა და შესაბამისად გოლიც გავიდა. თუმცა მანამდე რამდენჯემრე კურტუას მაღალი ოსტატობის გამოვლენა მოუხდა, ერთ ეპიზოდში კი ბლეზ მატუიდის დარტყმულს ლონდონელი მცველები თავგანწირულად გადაეღობნენ. გოლი კი კავანიმ გაიტანა, რომელიც მოედანზე ახალი შესული გახლდათ. ურუგვაელმა ანხელ დი მარიას დიდებული პასი შეირგო და კურტუას მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა. დარჩენილ დროში პარიზელებმა გამარჯვებამდე საქმე მშვიდად მიიყვანეს, თუმცა ეჭვგარეშეა, ამ წყვილში ჯერ არაფერი გარკვეულა და ყველაფერი სამი კვირის შემდგომ “სტემფორდ ბრიჯზე” გადაწყდება.

“პარი სენ ჟერმენი” – “ჩელსი” 2:1 (1:1) (მიმოხილვა)

პარიზი, “პარკ დე პრენსი

მაყურებელი: 45 000

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი; ვერატი (რაბიო 81), ტიაგო მოტა, მატუიდი (პასტორე 81); დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, ლუკას მოურა (კავანი 74)

მწვრთნელი: ლორან ბლანი

“ჩელსი” (4-2-3-1): კურტუა; ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კეჰილი, რაჰმან ბაბა; ობი მიკელი, ფაბრეგასი; პედრო, აზარი (ოსკარი 71), ვილიანი; დიეგო კოშტა

მწვრთნელი: გუუს ჰიდინკი

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (39), 1:1 ობი მიკელი (45), 2:1 კავანი (78)

გაფრთხილება: იბრაჰიმოვიჩი (19), ლუკას მოურა (71), დავიდ ლუიზი (71) – ობი მიკელი (38), პედრო (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (8) – 9 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)

დღის მეორე მატჩი პირველთან შედარებით ჩრდილში იყო მოქცეული, თუმცა დრამატიზმის თვასაზრისით არაფრით ჩამოუვარდებოდა. ლისაბონში, “ბენფიკა” სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” კარის აღებას 90 წუთი ცდილობდა, მაგრამ საწადელს მხოლოდ მსაჯის მიერ კომპესირებულ პირველ წუთზე მიაღწია.

არადა, მანამდე რუი ვიტორიას გუნდი კომბინაციურად და სწრაფად მოქმედებდა შეტევაში და მიზანთან ახლოს არაერთხელ იყო, მაგრამ ხან სიზუსტე აკლდებოდათ მასპინძლებს, უმეტეს შემთხვევაში კი სტუმართა მეკარე იური ლოდიგინი დიდებულად ირჯებოდა. ერთ ეპიზოდში რუსმა კიპერმა ნიკოლას გაიტანს ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმული აუღო და აქტივში საოცარი სეივიც ჩაიწერა. ლოდიგინმა კაპიტულაცია 91-ე წუთზე გამოაცხადა: გაიტანის საჯარიმოს ჟონასმა თავი შეგაება და მეკარე ვეღარაფერს გხდა – 1:0. დარჩენილ სამ წუთში “არწივებს” გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ლოდიგინი დღეს ჩინებულად ირჯებოდა.

“ბენფიკამ” საბოლოო ჯამში მინიმალური ანგარიშით მოიგო, მაგრამ მთავარი ამოცანა შეასრულა და რუსეთში მშრალად შენახული კარით ჩადის, რასაც როგორც წესი საპლეი-ოფო დაპირისპირებებში დიდი მნიშვნელობა აქვს.

“ბენფიკა” – “ზენიტი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)

ლისაბონი, “და ლუჟი”

მაყურებელი: 48 615

“ბენფიკა” (4-2-3-1): ჟულიო სეზარი; ლინდელოფი, ჟარდელი, ალმეიდა, ელიზეუ; სამარისი, პიცი (გონსალესი 71); გაიტანი, რენატო, ჟონასი; მიტროღლუ (ხიმენესი 63)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“ზენიტი” (4-2-3-1): ლოდიგინი; ანიუკოვი, ლომბერტსი, გარაი, კრიშიტო; ხავი გარსია, ვიტსელი; შატოვი (ჟირკოვი 81), დანი (მაურისიო 87), ჰალკი; ძიუბა (კოკორინი 74)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლი: 1:0 ჟონასი (90)

გაფრთხილება: ალმეიდა (16), ჟარდელი (35), პიცი (43), ჟონასი (90) – ვიტსელი (32), ხავი გარსია (59), კრიშიტო (67, 90)

გაძევება: კრიშიტო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 5 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:7

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086108