მიხაელ შუმახერის პირადმა სპონსორმა, საინვესტიციო კომპანია „დოიჩე ვერმოგენსბერატუნგმა“, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ოჯახის ხელშეწყობით და ნებართვით, ქალაქ მარბურგში, ფ1-ის ყველაზე ტიტულოვანი პილოტის კარიერის გამოფენა მოაწყო, სახელწოდებით „შუმახერი - რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონი“. გამოფენა შუმახერის და „დოიჩე ვერმოგენსბერატუნგის“ პარტნიორობის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.
გამოფენა დამთვალიერებელს პირველი ორი წლის განმავლობაში, უფასოდ მოემსახურება. მასზე ბევრი ისეთი ნივთი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც შუმახერის სარბოლო კარიერას უკავშირდება და საზოგადოებისთვის ადრე არ უჩვენებიათ. გამოფენას აქვს თავისი ვებგვერდი: www.schumacher-asstellung.de, რომელიც მოგვიანებით ამუშავდება და სადაც მისი დათვალიერებლის მსურველი, წინასწარ ბევრ ინფორმაციას მოიძიებს.
კომპანია აცხადებს, რომ ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის „ურყევ ერთგულებას“ შუმახერთან პარტნიორობისადმი მას შემდეგაც, რაც მან სამთო თხილამურებით სრიალის დროს მომხდარ ინციდენტში, თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ამ ერთგულების დასტურად, „დოიჩე ვერმოგენსბერატუნგი“ ამჟამდ მიხაელის შვილის, მიკ შუმახერის მხარდამჭერია, რომელიც ჯერჯერობით დაბალ კატეგორიებში ასპარეზობს.
მიხაელ შუმახერი ამჟამად შინ იმყოფება და იქ გადის მკურნალობას და სარეაბილიტაციო კურსს. ამასთან, დიდი ხანია, ოჯახი მისი მდგომარეობის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.









