ვეტარანი ავსტრალიელი შემტევი ტიმ კეჰილი “შანხაი შენხუაში” აღარ ითამაშებს. როგორც გაირკვა, მასზე უარი ჩინური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გრეგორიო მანსანომ თქვა.
ტიმი “შანხაი შენხუაში” 2015 წლის მარტში ჩაირიცხა და გუნდს კარგადაც მოერგო (28 მატჩში 11 გოლი გაიტანა). მას ნოემბერში კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს, თუმცა ესპანელი მწვრთნელის გეგმებში ვერ მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კეჰილი კონტრაქტის გაწყვეტის გამო, ჩინური კლუბისგან კომპენსაციის სახით 4 მილიონ დოლარს მიიღებს.
კეჰილს კარიერის საუკეთესო პერიოდი “ევერტონში” ჰქონდა, რომელშიც 2004-2012 წლებში თამაშობდა და 278 მატჩში 68 გოლი გაიტანა.
ის ავსტრალიის ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავს და 88 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 45-ჯერ აიღო.







