„ტორო როსომ“ გადაწყვიტა, რომ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის, STR11-ის წარდგენა 29 თებერვალს ჩაატაროს, რადგან ტესტების დაწყების მომენტში, მისი საბრძოლო ფორმაში გამოწყობა ვერ მოესწრება. საქმე ისაა, რომ გუნდმა ძალიან გვიან გვიან შეძლო „ფერარისთან“ ძრავებთან დაკავშირებული კონტრაქტის გაფორმება, რის გამოც, მანქანაზე მუშაობა დიდი დროით შეფერხდა.
მართალი, იტალიური გუნდი პირველივე ტესტებზე ახალ ბოლიდს გამოიყვანს, თუმცა მისი გაფორმება ვერ ესწრება. და შესაბამისად, საპრეზენტაციოდ მზად ვერ იქნება. გუნდის შეფმა ფრანც ტოსტმა განაცხადა, რომ ბარსელონას ტესტებზე ბოლიდი დროებით ფორმაში გამოწყობილი იასპარეზებს.
„ეს იქნება ლურჯი მანქანა. ოფიციალურ წარდგენას 29 თებერვალს ჩავატარებთ, რადგან მასზე მუშაობა ძალიან გვიან დავიწყეთ და საბრძოლო ფორმაში მოხატვას ვერ ვასწრებთ“, - ამბობს ტოსტი. „ტორო როსოს“ ძრავი პირველად ორშაბათს უნდა დაექოქა. „ფერარისთან“ მიღწეული შეთანხმებით, ფაენცელები იმ ძალური დანადგარით ისარგებლებენ, რომელსაც მარანელოელები გასული სეზონის მიწურულს იყენებდნენ.
„ფ1-ში მუდამ ორ ძირითად პრობლემას ვაწყდებით. ყოველთვის გვაკლია დრო და ყოველთვის ვერ ვეტევით დროში. ყოველთვის ასეა. გამონაკლისი არც ამჯერად გვაქვს. ძრავთან დაკავშირებული დაგვიანებული გადაწყვეტილების გამო, ჩვენ მზადება ცოტა გვიან დავიწყეთ, მაგრამ ჩვენმა თანამშრომლებმა შესანიშნავად იმუშავეს. მანქანა თითქმის მზადაა და გრაფიკის შესაბამისად ვმუშაობთ. ამიტომ, სრულებით არ მეპარება ეჭვი, რომ ბარსელონას ტესტებზე ვიქნებით“, -დასძენს ტოსტი.







