„ფერარიმ“ ონლაინ რეჟიმში თავისი ფ1-ის ახალი ბოლიდის, SF16-H-ის პრეზენტაცია ჩაატარა და მისი ფოტოები გაავრცელა. ამ ავტომობილით, იტალიური გუნდი „მერსედესთან“ გამარჯვებებისთვის ბრძოლას აპირებს. წარდგენის ცერემონიაში, გუნდის პილოტების, სებასტიან ფეტელისა და კიმი რაიკონენის გარდა, მონაწილეობა შეფმა მაურიციო არივაბენემ და ტექნიკურმა დირექტორმა ჯეიმს ელისონმაც მიიღეს.
ახალი ავტომობილის საბრძოლო გაფორმებაში, ტრადიციული წითლის გარდა, თეთრი ფერიც გამოჩნდა. თეთრი ბოლიდის იმ ნაწილში დომინირებს, სადაც ძრავია განლაგებული. გარდა ამისა, თეთრი ფერისაა კოკპიტის ქვედა ნაწილი და წინა ფრთების ვერტიკალური ნაწილი. თუმცა, ფერები მეორეხარისხოვანია. მთავარი კი ის არის, რომ ავტომობილს უფრო დახვეწილი აეროდინამიკა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ძრავი აქვს.
გარეგნულ ცვლილებათაგან ყველაზე შესამჩნევი, ავტომობილის ცხვირია, რომელიც დამოკლდა და წანაზარდი გაუჩნდა. როგორც მარანელოელები ირწმუნებიან, ამან აეროდინამიკური მახასიათებლები გააუმჯობესა. შეიცვალა საკიდარი - გამწევ ბერკეტიანი სისტემის ნაცვლად, ამჯერად ბორბლისა და მზიდი სტრუქტურის კავშირს, მიმწოლ ბერკეტიან სისტემა უზრუნველყოფს.
შეიცვალა ძალური დანადგარის შეთანწყობა და გაუმჯობესდა შიდაწვის ძრავი, რომელშიც წვის პროცესი დაიხვეწა. ახალი შეთანწყობის წყალობით, აგრეგატი უფრო კომპაქტური და ვიწრო გახდა, რამაც ინჟინრებს აეროდინამიკის გაუმჯობესების საშუალება მისცა. ძრავზე ახალი, უფრო ეფექტური ტურბო კომპრესორი დააყენეს. დაიხვეწა შეშვების სისტემა. ამასთან, მძლავრი ტურბინის გამოყენებამ, უფრო ინტენსიური გაგრილება მოითხოვა.
„საერთოდ, მიზნების დასახვა ჩემი საქმე არ არის. ამას ჩემი ბოსი აკეთებს. ჩემი აზრით, გუნდს ამ სეზონში უფრო მეტის უნარი ექნება. კმაყოფილები დავრჩებით, თუ ტიტულისთვის ბრძოლას სეზონის ბოლომდე შევძლებთ. ვიცი, რომ ეს ადვილი არ იქნება, რადგან არც ჩვენს კონკურენტებს სძინავთ. და მაინც, ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ“, - განაცხადა არივაბენემ.
გასულ სეზონში ფეტელმა სამი გამარჯვება მოიპოვა. მაშინ არივაბენე ორ მოგებას იმედოვნებდა. ახალ სეზონში კი გუნდი უფრო მეტს გეგმავს. ოპტიმიზმის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ გასული სეზონის მსვლელობისას, მარანელოელებმა ლიდერ „მერსედესთან“ ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს. წინსვლა ძირითადად აგრეგატის სრულყოფამ განაპირობა.
მაგრამ პროგრესის მიუხედავად, ფეტელი ჩემპიონ ლუის ჰამილტონს ბოლოს მაინც 103 ქულით ჩამორჩა, „ფერარიმ“ კი სამქიმიანებთან 275 ქულა დათმო. პილოტების ჩემპიონატშიც და კონსტრუქტორთა თასზეც ასეთი ჩამორჩენა უზარმაზარი უფსკრულია, თუმცა იტალიურ გუნდში ოპტიმისტური განწყობა აშკარაა.







