„უილიამსმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი - FW38 გაგვაცნო და გამოაცხადა, რომ ახალი სეზონი მისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან წინა სეზონებში მოპოვებული პოზიციების შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა. ეს ნიშნავს, რომ ფ1-ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ეცდება, „მერსედესის“ და „ფერარის“ შემდეგ პირველი იყოს. ამაში მას სამქიმიანების აგრეგატი დაეხმარება.
ახალი სარბოლო ავტომობილი იმავე ფერებშია გამოწყობილი, როგორითაც წინა ორ სეზონში იასპარეზა. ტრასაზე ის პირველად ბარსელონაში, პირეველივე წინასასეზონო ტესტებზე გამოვა. ავტომობილს კბილს ფელიპე მასა და ვალტერი ბოტასი გაუსინჯავენ.
როგორც გუნდის ტექნიკური შტაბის შეფი პეტ სიმონდსი ამბობს, FW38-ზე მუშაობა ჯერ კიდევ მანამ დაიწყო, სანამ FW37 ტრასაზე პირველად გავიდოდა. მთავარი მიმართულება, კომპაქტური გაბარიტების მიღწევა, ამის წყალობით აეროდინამიკის გაუმჯობესება და ნელ მოსახვევებში ავტომობილის უკეთესი მდგრადობის მიღწევა იყო.
„წინა ორი სეზონის მესამე ადგილზე დასრულების შემდეგ, რაც ჩვენი შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, დიდი მიღწევა იყო, ჩვენ პოზიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოგვიწევს. ესაა მთავარი გამოწვევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამაზე ვიზრუნებთ. ჩვენ წინსვლაზეც ვფიქრობთ და გამარჯვება ამის საუკეთესო გამოხატვა იქნება. ამაში კი ძალიან სტაბილური გუნდი დაგვეხმრება - ფელიპე და ვალტერი ჩვენთან ერთად, მესამე სეზონს გაატარებენ. ისინი კარგად არიან შეწყობილები. ორივე ძალიან სწრაფი და სტაბილურია“, - განაცხადა ფრენკ უილიამსმა.
გუნდის შეფის მოადგილე კლერ უილიამსი ამბობს, რომ „უილიამსის“ მთავარი მიზანი, მესამე ადგილის შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ისეთი ძლიერი გუნდების უკან მოტოვებაა, როგორებიცაა „რედ ბული“, „რენო“, „მაკლარენი“ და „ფორს ინდია“. ეს კი ძნელი იქნება. უმცროსი უილიამსის აზრით, მომავალი სეზონი ძალიან დაძაბული უნდა იყოს, რადგან ტექნიკური რეგლამენტის უცვლელობა, გუნდებს თავიანთი ტექნიკის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საშუალებას აძლევს.
კლერ უილიამსის თქმით, მელბურნამდე FW38-ს პირველი მოდიფიკაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ინჟინრები ტესტებზე მიღებულ ტელემეტრიულ ანათვლებს გამოიყენებენ. ამასთან, ბოლიდის სრულყოფის ეტაპები, მთელ სეზონზე უკვე გაწერილია.







