იტალიის სერია A-ს XXVI ტური ჩემპიონმა და ერთპიროვნულმა ლიდერმა ტურინის “იუვენტუსმა” გახსნა, რომელიც სტუმრად ბოლონიაში ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდა და 15 მატჩიან მოგებათა სერია შეწყვიტა.
დიახ, რობერტო რობერტო დონადონის გუნდთან “იუვენტუსმა” ძალიან ცუდი თამაში აჩვენა. მატჩი იმდენად უფერული გამოვიდა, რომ ანგარიში, რომელიც დაფიქსირდა სრულად ასახავდა იმას, რაც “რენატო დალ არას” მწვანე მინდორზე ხდებოდა. ცოტა უცნაურია, “იუვეს” ასეთი უფერული თამაში იმის ფონზე, რომ “ბებერი ქალბატონი” ერთი კვირის წინ გალიდერდა და ახლა ამ დაკარგული ქულებით ადვილი შესაძლებელია ისევ მეორე ადგილზე ჩაინაცვლოს. ფაქტია ერთია, რომ ტურინულმა გრანდმა სეზონის უცუდესი მატჩი ჩაატარა. თავად განსაჯეთ, 90 წუთში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა... ასეთი რამ კი მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა.
არადა, “იუვეს” რომ მოეგო, გარდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნებისა, მილანის “ინტერის” ისტორიულ რეკორდთან (მიჯრით 17 მოგება) ერთ ნაბიჯში იქნებოდა და სწორედ “ნერაძურისთან” მომდევნო კვირაში შეეცდებოდა ამ შედეგის გამეორებას... თუმცა განგებამ ასე არ ინება. ისე, ტურინულ გრანდს ერთ რეკორდთან საქმე ისევ აქვს: ჯანლუიჯი ბუფონს გოლი უკვე 7 თამაშზე მეტია არ გაუშვია. წუთობრივად ჯიჯის შედეგი 654 წუთს შეადგენს და სებასტიანო როსის 20 წლის წინანდელ რეკორდს უფრო მიუახლოვდა.
"იუვენტუსს" კი ახლა, ოთხ დღეში ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის პირველი გამოცდა ელის: ტურინს მიუნხენის "ბაიერნი" ეწვევა და თუ იტალიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ, ბევრად გამართული ფეხბურთის ჩვენება მართებთ. განსაკუთრებით, შეტევაში...
“ბოლონია” – “იუვენტუსი” 0:0 (0:0) (მიმოხილვა)
ბოლონია, “რენატო დალ არა”
მაყურებელი: 19 000
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბიაიე, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა (კონსტანტი 73); დონსა, დიავარა, ტაიდერი (ბრიენცა 82); რიცო (მუნირი 65), დესტრო, ჯაკერინი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა; სტურარო, მარკიზიო, პოგბა; პერეირა (კუადრადო 46); მორატა, ძაძა (დიბალა 68)
მწვრთნელი: მასიმიალიანო ალეგრი
გაფრთხილება: გასტალდელო (33) – სტურარო (41), მარკიზიო (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 5 (0) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 3:7
მსაჯი: მასიმილიანო ირატი









