„მერსედესმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის, W07-ის ფოტოები გამოაქვეყნა. მისი ოფიციალური წარდგენა ხვალ, ბარსელონას ტესტების დაწყების დღეს იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ბოლიდის ფოტოების არაოფიციალურად გავრცელდა, ჩემპიონებმა ის პრეზენტაციამდე გაგვაცნეს.
ფოტოების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილი აეროდინამიკურად დაიხვეწა. შეიცვალა ძრავისთვის ჰაერის ამღები მილის ფორმა, ავტომობილი განსხვავებული აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვა. ძირითადი ცვლილებები კი ძალურ დანადგარს შეეხო. ავტომობილმა პირველი წრეები, არასატესტო რეჟიმში უკვე გაიარა სილვერსტოუნზე.
გუნდის აღმასრულებელი დირექტორი პადი ლოუ ამბობს, რომ ბოლიდზე განხორციელებულ ცვლილებათა უმეტესობა ძარის შიგნითაა დამალული. მას არ დაუკონკრეტებია ისინი, თუმცა თქვა, რომ შეცვლილია საკიდარი და მისი ელემენტები. ამის მიზანი, მაქსიმალური ჩაჭიდების უზრუნველყოფის გარდა ისიცაა, რომ სწრაფად მოხერხდეს საბურავების ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურება და შემცირდეს ცვეთა.
„სტაბილური რეგლამენტის პირობებში ძნელია რევოლუციურ ცვლილებათა განხორციელება. მაგრამ ჩვენს მიზანს, მცირე რევოლუციები წარმოადგენდა, რაც ვფიქრობ, შევძელით. ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი შეთანწყობით დამზადბული ავტომობილი, რომელსაც ახალი კონცეპციით შემუშავებული საკიდარი აქვს. ასე რომ, შეიძლება მანქანა გარეგნულად მისი წინამორბედისგან არ განსხვავდება, შიგნით ბევრი მინი რევოლუცია გაიარა, რამაც მისი ევოლუცია განაპირობა“, - ამბობს ლოუ.
ლოუ აღნიშნავს, რომ გასულ სეზონში მისი გუნდის დომინაციის მიუხედავად, ჯერაც ბევრი საკითხია გადასაჭრელი, რათა გუნდმა მოწინავე პოზიციის შენარჩუნება შეძლოს: „ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ, ჩვენი პრიორიტეტი იყო იმ არეების დადგენა და გამოსწორება, რომლებიც ჩვენს ყველაზე სუსტ მხარედ ითვლებოდა. ჩვენი მიზანი, ყოველმხრივი სრულყოფილებაა. მუშაობის ასეთი სტილი, საქმისადმი ჩვენი მიდგომის კულტურას აყალიბებს, რასაც ჩვენი ორგანიზაცია წარმატებებისკენ მიჰყავს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა სფეროში ოპტიმიზაციისკენ ვისწრაფვით“.
სამქიმიანებს იგივე მიმართულება აქვთ ძრავის სრულყოფის მხრივაც. ძრავების განყოფილების შეფი ენდი კოუელი ამბობს, რომ სეზონის განმავლობაში, სხვების მსგავსად, მისი გუნდის განკარგულებაშიც 32 ტოკენია (პირობითი ქულა), რაც აგრეგატის გაუმჯობესების ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ის ამბობს, რომ ძალურ დანადგარს სრულფასოვანი მოდიფიკაცია ჩაუტარდა. სხვადასხვა პარამეტრების გაუმჯობესების გარდა, სამუშაოების მიზანს გამძლეობის მიღწევაც წარმოადგენდა. კოუელის თქმით, მართალია, ამ სეზონში გუნდებს ერთით მეტი ძრავის გამოყენების უფლება აქვთ (21 რბოლის გამო), ეს საქმეს სულაც არ აადვილებს და აგრეგატის გამძლეობა ის კომპონენტია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.









