სებასტიან ფეტელი ბარსელონას ტესტების მეორე დღესაც უსწრაფესი იყო. ამჯერად მან 125 წრის გავლა მოასწრო. უფრო მეტიც, მან ორ წამზე მეტი მოაკლო იმ დროს, რომლითაც ტესტების პირველი დღის ბოლოს ცხრილის სათავეში აღმოჩნდა. მან თავისი საუკეთესო წრე 1:22.802-ში გაიარა. ამაში კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, ულტრა რბილი საბურავების კომპლექტი დაეხმარა.
საინტერესოა, რომ ფეტელის დრო დაახლოებით ორი წამით სჯობს ნიკო როსბერგის მიერ, ესპანეთის შარშანდელი დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ნაჩვენებ დროს. თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ „მერსედესის“ პილოტმა პოული მედიუმ საბურავებით მოიპოვა. სხვათა შორის, სესიის დასრულებას ხუთი წუთი აკლდა, როცა მისი „ფერარი“ ტრასაზე გაჩერდა, რის გამოც, მცირე ხნით შეჩერდა.
საინტერესოა, რომ ფეტელამდე ტრასაზე უსწრაფესი დანიელ რიკარდო იყო, რომელმაც ფეტელის მიერ მისი დროის გაუმჯობესების შემდეგ, თავისიანებს ულტრა სოფტები დააყენებინა, რამაც დრო კი გააუმჯობესებინა, თუმცა ფეტელს ვეღარ შესწვდა. ავსტრალიელმა ჯამში 112 წრის გავლა მოასწრო.
კარგი ტესტები ჰქონდა სერხიო პერესსაც, რომელმაც „ფორს ინდიას“ ბოლიდის საჭესთან, თანამემამულე ალფონსო სელისი შეცვალა. ფეტელის და რიკარდოს მსგავსად, თავისი საუკეთესო დრო მექსიკელმაც ულტრა სოფტ რეზინით დააფიქსირა. მან უკან ჩამოიტოვა როსბერგი, თუმცა გერმანელს და მის გუნდს „თავისი საქმე“ ჰქონდათ და დროს აშკარად არ გამოჰკიდებიან. მან 172 წრე გაიარა, ორი დღის ჯამში სამქიმიანების მონაგარი კი 300 წრეზე მეტია.
ხუთეულის ბოლოში მარკუს ერიკსონია, რომელმაც ეს გასული სეზონის „ზაუბერით“ მოახერხა და უკან ჩამოიტოვა ესტებან გუტიერესი და ვალტერი ბოტასი. ფინელმა პილოტმა 134 წრე გაიარა, რაც როსბერგის შემდეგ ყველაზე მეტი წრეა. ყველაზე ნაკლები, 42 წრე ისევ „რენოს“ პილოტის, ჯოლიონ პალმერის ანგარიშზეა, რომელსაც ამჯერად ძრავის პრობლემებმა შეუშალა ხელი.
„მაკლარენ MP4-31-ის“ საჭეს პირველად მიუჯდა ფერნანდო ალონსო, რომელმაც 119 წრე კი გაიარა, მაგრამ მხოლოდ მე-9 ადგილს დასჯერდა. თუმცა, კარგი დროის ჩვენება მის მიზანს არც წარმოადგენდა. ყველაზე ცუდი დრო კი მაქს ფერსტაპენს ჰქონდა, რომელმაც 121 წრის გავლა შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგი ტესტებისთვის, „ტორო როსო“ B-სპეციფიკაციის ბოლიდის მომზადებას გეგმავს.
მეორე დღის დროები
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:22.810 (125)
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:23.525 (112)
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:23.650 (101)
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:24.867 (172)
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:25.237 (106)
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:25.524 (79)
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:25.648 (134)
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:25.925 (71)
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:26.082 (119)
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:26.189 (42)
11. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:26.539 (121)









