კალათბურთი

15:03 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პეკოვიჩი გაურკვეველი ვადით დაგვემშვიდობა
დიდი ალბათობით, ჩერნოგორიელი ცენტრი ნაკრებშიც არ ითამაშებს

“მინესოტა ტიმბერვულვზისა” და ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი (სიმაღლე 2.11 მ.) მოედანს გაურკვეველი დროით ჩამოშორდა. ამ ინფორმაციას The Associated Press ავრცელებს.

30 წლის პეკოვიჩი ტრავმებისადმი მიდრეკილი კალათბურთელია, ახლა კი, აქილევსის მყესმა შეაწუხა და სერიოზული მკურნალობა მოუწევს.

ჯერჯერობით, უცნობია, პეკოვიჩი თამაშს როდის განაახლებს, თუმცა, ნათელია, რომ მას სეზონის უმეტესი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ნიკოლამ მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 4.5 ქულა და 1.8 მოხსნა გახლდათ.

ქართველი ქომაგისთვის ჩერნოგორიელ კალათბურთელთა ამბები საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ამ ქვეყნის ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან ერთად მოხვდა.

სხვათა შორის, უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ პეკოვიჩი მომავალ ზაფხულს ნაკრების მაისურის მორგებას არ აპირებს, რასაც აღნიშნული სიახლე კიდევ უფრო ამყარებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩერნოგორიის ნაკრებები ძალებს F ჯგუფში მოსინჯავენ. 31 აგვისტოს გუნდები თბილისში ითამაშებენ, 17 სექტემბერს კი ერთმანეთს, სავარაუდოდ, პოდგორიცაში დაუპირისპირდებიან.

0.089449