ფორმულა 1-ის გუნდებმა მოილაპარაკეს, რომ ახალი სეზონიდან, საკვალიფიკაციო რბოლები ახალი ფორმატით ჩატარდება. კერძოდ, რბოლის დროს იმოქმედებს გამოთიშვის წესი. პოულისთვის ბრძოლა ისევ სამ ეტაპად ჩატარდება, რომელთა მსვლელობის დროსაც, ასპარეზობას ყველაზე ნელი პილოტები თანდათან გამოეთიშებიან. ახალი ფორმატის წყალობით, საკვალიფიკაციო რბოლები უფრო საინტერესო უნდა გახდეს.
გუნდების მიერ მოწონების შემდეგ, კვალიფიკაციის ახალი ფორმატი უნდა განიხილოს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ, რომელიც სავარაუდოდ, მას დაამტკიცებს და მელბურნიშივე კვალიფიკაცია სწორედ ამ ფორმატით ჩატარდება. ამ წესის დამკვიდრების შემთხვევაში, შესაცვლელი იქნება საბურავებით სარგებლობის ლიმიტი, რადგან კვალიფიკაციისას პილოტებს რეზინის ინტენსიურად გამოყენება მოუწევთ.
ახალი საკვალიფიკაციო ფორმატი შემდეგნაირად გამოიყურება:
Q1
- პირველი ეტაპი 16 წუთი გაგრძელდება;
- 7 წუთის შემდეგ, ყველაზე ნელი პილოტი რბოლას გამოეთიშება;
- აქედან მოყოლებული, ყოველ წუთნახევარში, რბოლას ყველაზე ნელი პილოტი დატოვებს;
- სულ რბოლას 7 მრბოლი გამოეთიშება, 15 ასპარეზობას მეორე ეტაპზე გააგრძელებს;
Q2
- მეორე ეტაპი 15 წუთი გაგრძელდება;
- 7 წუთის შემდეგ, ყველაზე ნელი პილოტი რბოლას დატოვებს;
- ყოველ წუთნახევარში, ასპარეზობას ყველაზე ნელი მრბოლები დატოვებენ. მეორე ეტაპი კუბოკრული დროშის აფრიალებისთანავე დასრულდება;
- სულ კვალიფიკაციას ამ ეტაპზე 7 მრბოლი გამოეთიშება, 8 კი შემდეგ ეტაპზე გააგრძელებს გამოსვლას;
Q3
- მეორე ეტაპი 14 წუთი გაგრძელდება;
- მისი სტარტიდან 5 წუთის შემდეგ, ყველაზე ნელი პილოტი რბოლას გამოეთიშება;
- ყოველ წუთნახევარში, ასპარეზობას თითო ყველაზე ნელი მრბოლი გამოეთიშება და ასე გაგრძელდება კუბოკრულ დროშამდე;
- დარჩება ორი პილოტი, რომელთა შორის უსწრაფესსაც ბოლო წუთნახევარი გაარკვევს.
გარდა ამისა, გუნდებმა დროითი ბალასტის შემოღების მიზანშეწონილებაც განიხილეს. წარმოდგენილი ფორმტით, ჩემპიონატში მოპოვებული ქულების შესაბამისად, კვალიფიკაციაზე მრბოლებს გარკვეული დრო (ბალასტი) წინასწარ დაემატებოდა. აბუ დაბის დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ჩემპიონატის ლიდერს კვალიფიკაციაზე ოთხწამიანი ბალასტი „ეკუთვნოდა“. შედარებით ნაკლებ დროით ბალასტს დაუწერდნენ დანარჩენ პილოტებს. მაგრამ ამ პრინციპის შემოღებისგან გუნდებმა თავი შეიკავეს.









