ავტოსპორტი

2:23 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰულკენბერგი უსწრაფესია, ჰაასმა გაიბრწყინა

ბარსელონას ტესტების მესამე დღეს, ნიკო ჰულკენბერგმა და რომენ გროჟანმა გაგვაოცეს. სწორედ მათ დაიკავეს ცხრილის ორი მოწინავე პოზიცია. და თუ „ფორს ინდიას“ პილოტისგან ეს არავის უნდა გაკვირვებოდა, ახალბედა „ჰაასში“ გადასულ გროჟანს უსწრაფესებს შორის არავინ ელოდა. თუნდაც ტესტებზე, სადაც ყველასთვის მთავარი საქმე, სეზონისთვის უკეთ მომზადებაა და არა პირველობა.

გერმანელი პილოი ერთადერთი იყო, ვინც სუპერ სოფტ რეზინით ისარგებლა. ის პირველად იჯდა ახალი VJM09-ის საჭესთან, რომლითაც წინა დღეებში სერხიო პერესი ირჯებოდა. სხვათა შორის, მექსიკელმა ახალი ბოლიდი ძალიან აქო. ჰულკენბერგისგან განსხვავებით, გროჟანმა თავისი საუკეთესო დრო, სესიის მიწურულს, სოფტებით დააფიქსირა. ორივემ 100 წრეზე ნაკლები გაიარა.

„ფერარი“ ამჯერად მესამე დროს დასჯერდა. ამჯერად, მისი მანქანის საჭეს კიმი რაიკონენი მიუჯდა. სამწუხაროდ, მისთვის სესია პრობლემებით დაიწყო, რის გამოც, ბოქსებში დიდხანს ყოფნამ მოუწია. მანქანაზე საწვავის ტუმბო გამოვიდა მწყობრიდან. საბოლოოდ, რაიკონენი ჰულკენბერგს თითქმის სამი წამით ჩამორჩა. თავისი საუკეთესო დრო მან მედიუმებით დააფიქსირა.

კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი კევინ მაგნუსენმა შემოგვთავაზა, რომელმაც მეოთხე დრო აჩვენა. დროზე მეტად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მან 111 წრის გავლა შეძლო. და მაინც, სესიის ადრეულად დასრულებამ მოუწია, რადგან მისი მანქანა სტარტ-ფინიშის სწორზე გაჩერდა.

ნიკო როსბერგმა და ლუის ჰამილტონმა „მერსედესის“ საჭესთან მორიგეობით გაატარეს დრო. და ორივემ ამჯერად 100 წრეზე ნაკლები გაიარა, თუმცა ჯამში მაინც 162 წრე გამოუვიდათ. სამქიმიანები ტესტების პირველი ოთხი დღის განმავლობაში, აშკარად მანქანის და მისი ნაწილების გამძლეობას ამოწმებენ და ჯერჯერობით, დრო ნაკლებად აინტერესებთ.

ცალკეულ პილოტებს შორის ყველაზე მეტი, 159 წრე კარლოს საინსმა გაიარა. არადა, დასაწყისში მის გამო ტრასაზე წითელი დროშები ააფრიალეს. პირველი პრობლემები შეექმნა „მაკლარენს“ - ჯენსონ ბატონის მანქანას ბოლი აუვიდა და რა თქმა უნდა, ბრიტანელს ტესტების შეწყვეტამ მოუწია. ამ დროს მას მხოლოდ 51 წრე ჰქონდა გავლილი.

ყველაზე ნელი, „მენორის“ ინდონეზიელი ახალწვეული რიო ჰარიანტო იყო, რომელიც ჰულკენბერგს ექვსი წამით ჩამორჩა.

ტესტების მე-3 დღე

  1. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:23.110 (99)
  2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:25.874 (82)
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:25.977 (78)
  4. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:26.014 (111)
  5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.084 (74)
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:26.239 (161)
  7. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:26.392 (115)
  8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:26.421 (88)
  9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:26.497 (74)
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.712 (109)
  11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.919 (51)
  12. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:29.249 (78)
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170201