საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის ბოლოსწინა მეხუთე ტურში თბილისის "დინამომ" "ოლიმპს" მოუგო, "ბათუმის" მარცხით ისარგებლა და 33 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.
"დინამოსა" და "ოლიმპის" შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დინამოელთა ორქულიანი უპირატესობით 33:31 დასრულდა. როგორც ხშირად ხდება კალათბურთში, ამ შეხვედრაშიც გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც „დინამომ“ 10 ქულის სხვაობით, 20:10 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულით დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში „ოლიმპმა“ გაიბრძოლა, თამაშის მის სასარგებლოდ შემოტრიალება სცადა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 71:65 "დინამოს“ სასარგებლოდ.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 15 ქულა „დინამოს“ უკანახაზელმა, ახალგაზრდა კალათბურთელმა ნოდარ გოგოძემ დააგროვა. „ოლიმპის“ შემადგენლობაში 14 ქულით ყველაზე შედეგიანი ამერიკელი უკანახაზელი ჯერემი ბაინუმი იყო. მისმა თანაგუნდელმა ლესლი ჯიშუან სმიტმა კი 11 ქულით და 25 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „მგზავრები-არმია“ და „სოხუმი“ ხვდებიან.
„დინამო“ – „ოლიმპი“ 71:65
(16:12, 17:19, 20:10, 18:24)









