ფეხბურთი

18:52 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის განვლილი სათამაშო კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

კვირის გუნდში ოთხი წარმომადგენელი ჰყავს ფრანგულ პსჟ-ს, სამი პორტუგალიურ “ბენფიკას”, ტრადიციულად საუკეთესო 11-ეულშია კრიშტიანუ რონალდუც.

კვირის გუნდი ასე დაკომპლექტდა:

მეკარე: ედერსონი (ბენფიკა)

22 წლის ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. დუბლიორმა სრულფასოვნად შეცვალა ტრავმირებული ჟულიო სეზარი და “ბენფიკას” სანქტ პეტერბურგში გამარჯვებაში (2:1) დაეხმარა.

მცველები:

მარკინიოსი (პსჟ)

“ჩელსისთან” სტუმრად გამარჯვებაში (2:1) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პსჟ-ს დაცვის მარჯვენა ფლანგზე მარკინიოსის აქტიურმა თამაშმა.

ანდრეას სამარისი (ბენფიკა)

“ბენფიკა” “ზენიტთან” საპასუხო მატჩს ფაქტობრივად ცენტრალური მცველების გარეშე შეხვდა, თუმცა მხსნელები ვიქტორ ლინდელოფისა და ნომინალური ჰავბეკის სამარისის სახით იპოვა. ბერძენმა ფეხბურთელმა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშს თავი კარგად გაართვა.

დავიდ ლუისი (პსჟ)

ბრაზილიელს ზედიზედ მეორე წელია გათამაშებიდან მისი ყოფილი გუნდის გამოთიშვაში წვლილი შეაქვს და ერთ დროს მშობლიურ “სტემფორდ ბრიჯზე” თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.

იური ჟირკოვი (ზენიტი)

“ჩელსის” მეორე ყოფილი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგზე გარღვევებით მთელი მატჩის განმავლობაში დიდ პრობლემას უქმნიდა “ბენფიკას” და საგოლე პასის ავტორიც გახდა, როცა ჰალკს ორმატჩიან დუელში საერთო ანგარიში გაათანაბრებინა.

ნახევარმცველები:

ანხელ დი მარია (პსჟ)

არგენტინელმა “სტემფორდ ბრიჯზე” ჩვეულად სწრაფ ტემპში ითამაშა და ზლატან იბრაგიმოვიჩს საგოლე პასიც გაუკეთა.

რენატუ სანჩესი (ბენფიკა)

ახალგაზრდა ნახევარმცველი “ზენიტთან” მატჩში უფრო მეტად იყო ორიენტირებული დაცვაზე, ვიდრე აქამდე და დისციპლინირებულად ითამაშა.

ანდრე შურლე (ვოლფსბურგი)

“ჩელსის” კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა საშინაო მატჩში “გენტს” ბევრი პრობლემა შეუქმნა და ერთადერთი გოლის ავტორიც გახდა.

თავდამსხმელები:

დიეგო კოშტა (ჩელსი)

თამაშის წინ ბევრი ბჭობდა იმაზე, ბოლოს და ბოლოს შეძლებდა თუ არა კოშტა “ჩელსის” რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენას. მან ლონდონში გამართულ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა, მისი ტრავმა კი ამ დაპირისპირების გადამწყვეტი მომენტი გახდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)

საუბარს იმაზე, რომ იბრა პლეი ოფებში “იკარგება” და არც ინგლისში შეუძლია თავის გამოჩენა, წერტილი დაესვა.

კრიშტიანუ რონალდუ (რეალი)

პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 90-გოლიანი ზღვარი დაიპყრო. გოლთან ერთად, “რომასთან” საშინაო დაპირისპირებაში საგოლე პასიც მიითვალა. ეს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეხუთე 1/8-ფინალია, როცა რონალდუმ შინაც გაიტანა და სტუმრად გამართულ მატჩშიც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
1.186527