სხვა

14:07 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ იმარჯვა, ტოჩინოშინი დამარცხდა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოს მე-3 დღეს გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა გამარჯვება იზეიმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა კი მარცხი განიცადა.

აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ მე-2 გამარჯვება (კოტენაგეთი) აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკანოივასთან იზეიმა. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ჩიიოტაირიუ იქნება, რომელსაც ჰარუ ბაშოზე სამივე განვლილი ორთაბრძოლა წაგებული აქვს.

ისევ უარყოფით ბალანსზე (1 მოგება, 2 მარცხი) გავიდა ტოჩინოშინი, რომელსაც დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტული აქვს. ქართველ სეკიტორს მეტოქედ ოძეკი კოტოშოგიკუ ჰყავდა და ლევანი იორიკირით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა კოტოშოგიკუსთან 25-ე შერკინებაში 21-ედ წააგო.

საგაზაფხულო სუპერტურნირის მე-4 დღეს გორგაძის პირისპირ კიდევ ერთი ოძეკი კისენოსატო დადგება, რომელსაც ოსაკაში სამივე შერკინება მოგებული აქვს და ლიდერთა შორის იმყოფება.

საინტერესოა, რომ ჰარუ ბაშოს მოწინავე სეკიტორთა შორის არცერთი იოკოძუნა არ გახლავთ. ჰაკუჰოს და კაკურიუს კვალად, პირველი მარცხი შეემთხვა ჰარუმაფუჯისაც. მას ოშიდაშით აღმოსავლეთის პირველმა მაეგაშირა კოტოიუკიმ აჯობა.

ჰარუ ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 4:13-დან, ტოჩინოშინის - 8:33-დან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102209