„რედ ბულმა“ და „ასტონ მარტინმა“ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ერთობლივი ძალებით, ჰიპერ ავტომობილის შემუშავებას გეგმავენ. პროექტს ფ1-ის ავსტრიული გუნდის ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი გაუძღვება. გარდა ამისა, „რედ ბულის“ ბოლიდებს, ბრიტანული კომპანიის ლოგო დაამშვენებს. ამგვარად, „ასტონ მარტინი“ ფ1-ს უბრუნდება, სადაც 1960 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.
პროექტზე ნიუისთან ერთად, პროექტზე „ასტონ მარტინის“ კრეატივის დირექტორი მარეკ რაიხმანიც იმუშავებს. ის ავტომობილის (AM-RB 001) დიზაინზე იმუშავებს. რაიხმანი ამბობს, რომ ავტომობილი მისი კომპანიის სტილში შესრულდება და ფ1-ის სტილის აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვება.
„ჯერ კიდევ ექვსი წლის ვიყავი, როცა ორი მიზანი დავისახე - მონაწილეობა უნდა მიმეღო სარბოლო ავტომობილების შემუშავებაში და უნდა შემექმნა სუპერ ავტომობილი. პირველი მიზნის მიღწევა, ჩემი კარიერის ნაწილი გახდა, მეორე კი კარგა ხანს შორეულ ოცნებად რჩებოდა და მხოლოდ ესკიზების ხატვით ვიქცევდი თავს. ახალი პროექტი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ფ1-ში შემუშავებული ტექნოლოგიები სხვა სფეროშიც გამოვიყენოთ“, - ამბობს ნიუი.
აღსანიშნავია, რომ „ასტონ მარტინსა“ და „რედ ბულს“ შორის მოლაპარაკება რამდენიმე თვის წინათაც მიმდინარეობდა. მაშინ „რედ ბულს“ იმედი ჰქონდა, რომ ბრიტანული კომპანიის დახმრებით, მისთვის „მერსედესის“ ძრავები გახდებოდა ხელმისაწვდომი - გერმანულ კომპანიას „ასტონის“ აქციების 5 პროცენტი ეკუთვნის. მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ „ასტონ მარტინმა“ „ფორს ინდიასთან“ დაიწყო მოლაპარაკება და მისი აქციების ნაწილის შესყიდვას გეგმავდა. მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია.









