კალათბურთი

14:31 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 14-წლამდელებმა 4-დან 4 მატჩი მოიგეს და სანკტ-პეტერბურგში პირველობა გაინაღდეს

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების ტრიუმფით მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპი სანკტ-პეტერბურგში, სადაც თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველებმა 18 მარტს ორ ადგილობრივ გუნდს სძლიეს, 19-ში კი კიდევ 2 რუსული კლუბი დაამწუხრეს და მესამე ეტაპზე პირველობა გაინაღდეს.

ქართველები 20 მარტს აუტსაიდერს, სანკტ პეტერბუგში ყველა მატჩის წამგებ პოლონურ „პომერანიას“ შეხვდებიან და რომც დამარცხდნენ, სანკტ-პეტერბურგის ტურის გამარჯვებულები გახდებიან, თუმცა, ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდება გამარჯვება, რადგან საერთო ჩათვლაში ქულები დააგროვოს და სუპერფინალში მოხვდეს.

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ამ სეზონში აქამდე 2 ეტაპში მიიღო მონაწილეობა: ნოემბერში ესტონეთში 5-დან 3 მატჩი მოიგო, ხოლო იანვარში ლატვიაში 5-დან 4 შეხვედრაში იმარჯვა. სანკტ-პეტერბურგის ტურში ქართველებს 4-დან 4 გამარჯვება აქვთ და მეხუთესაც თუ მოიგებენ, დიდი ალბათობით 16-გუნდიან საერთო ცხრილის ოთხეულში მოხვდებიან და სუპერფინალში გავლენ.

რაც შეეხება 19 მარტს გამართულ მატჩებს, ქართველებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლები გადაიტანეს. პირველ შეხვედრაში „ადმირალტეისკაიასთან“ ბოლო წამებზე – 47:44 გაიმარჯვეს. მოგების მომტანი საჯარიმოები ირაკლი კილაძემ და ზურა ვაშაკიძემ ჩააგდეს, ვოვა თავაქარაშვილმა კი რუს ვლადისლავ მალცევს გამათანაბრებელი სროლისას დაუფარა. საქართველოს ნაკრებში 10-10 ქულით დათა გოგაძე და თავაქარაშვილი გამოირჩნენ. 9 ქულა, 9 მოხსნა და 5 ჩაჭრაა კილაძის ანგარიშზე, ხოლო გიორგი ბიგანაშვილმა 9 ქულა მიითვალა.

მეორე მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ქართველებმა ამჯერადაც 3 ქულით იმარჯვეს – ქალაქ ბრატსკის ამავე სახელწოდების გუნდს 54:51 სძლიეს. ბოლო ქულები საჯარიმოს ხაზიდან ამჯერადაც ირაკლი კილაძემ და ზურა ვაშაკიძემ მიითვალეს, მანამდე კი ალექსანდრე მერკვილაძე გამოირჩა ორქულიანით. ამ უკანასკნელმა ჩვენს გუნდს ორმაგი დუბლით (17 ქულა, 10 მოხსნა) ულიდერა. საბა გაჩეჩილაძემ 11 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ირაკლი კილაძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 10 ქულა და 9 მოხსნა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096048