ამერიკელი ბიზნესმენი ჟენე ჰაასი დარწმუნებულია, რომ მის ფორმულა 1-ის გუნდს „დიდ ბიჭებთან“ პაექრობის უნარი შესწევს. ასეთი სითამამის საფუძველს მას მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებული დებიუტი აძლევს. მართალია, ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს, გუნდმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რბოლის დროს კი ესტებან გუტიერესს ფერნანდო ალონსოსთან ავარია მოუვიდა, რომენ გროჟანის მე-6 ადგილმა ყველაფერი უარყოფითი გადაფარა.
ჰაასის თქმით, მელბურნში გამოჩნდა, რომ ის სწორად მოიქცა, როცა 2014 წელს მიღებული გრანტი, რომელიც ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას აძლევდა, დაუყოვნებლივ არ გამოიყენა და მომზადებას ერთი წლით მეტი დაუთმო.
„ჩვენ ამისთვის დიდხანს ვემზადებოდით. შასის, აეროდინამიკის, ძრავის მომზადებაზე ჩვენი ბევრი თანამშრომელი მუშაობდა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო. ბენმა (აგათანგელუ - გუნდის მთავარი აეროდინამიკოსი) აეროდნმიკაზე ბევრი იმუშავა და როგორც ჩანს, ძალიან სტაბილური პლატფორმა მოამზადა. ბარსელონას ტესტების შემდეგ, ბევრი მუშაობა დაგვჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს შასი სეზონის მსვლელობისას, განვიტარების საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს ჰაასი.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ გუნდს, კარგი შედეგის მიღწევაში, იღბალიც დაეხმარა. გუტიერესის და ალონსოს ავარიის შემდეგ, რბოლა 20 წუთი გაჩერებული იყო. ამ დროს, გუნდმა გროჟანის მანქანაზე რეზინი შეცვალა - მედიუმზე გადაიყვანა. ამის შემდეგ, ფრანგს რეზინი აღარც გამოუცვლია და მან ერთადერთი პიტ სტოპით დაასრულა რბოლა.
„ჩვენ რბოლა არ მოგვიგია, მე-6 ადგილი დავიკავეთ. მაგრამ ამან დაგვანახა, რომ ჩვენს გუნდს „დიდ ბიჭებთან“ პაექრობა შეუძლია. ამ შედეგმა გუნდში ყველას ახალი ენერგია შემატა. ამ ბიჭებს ახლა უფრო მეტად სჯერათ თავიანთი საქმის. მათ იციან, ვისთვის და რატომ მუშაობენ. მანქანები სწრაფია, ისინი კარგადაა აღჭურვილი. და მე ვფიქრობ, რომ შემდეგი სეზონი მართლა დიდებული გვექნება“, - ამბობს ჰაასი, ვინც კითხვაზე, ბაჰრეინის რბოლაში მე-5 ადგილისთვის ბრძოლას ხომ არ ეცდება, პასუხობს: „ჩვენ აქ მეექვსე ადგილი ავიღეთ და რატომაც არ უნდა ვიბრძოლოთ მეხუთესთვის. ვნახოთ“.







