რა თქმა უნდა, პრაქტიკების დანიშნულება, სწრაფი დროის ჩვენება არ არის, მაგრამ დროის და საკუთარი მანქანის მდგომარეობის მიხედვით შეიძლება ითქვას, თუ რა სჭირდბა პილოტს იმისათვის, რომ კვალიფიკაციასა და რბოლაში მაქსიმალურად სწრაფი იყოს.
დათა ქაჯაიას მიზანიც ამ ეტაპზე სწორედ ეს იყო. თუ ბაჰრეინის ეტაპის პირველ სესიაზე, რვა გავლილი წრიდან მან ერთხელ სცადა კარგი დროის ჩვენება, ამჯერად ძირითადად მანქანის ჭკუაზე მოყვანასა და ტრასის შესწავლას ექვსივე გავლილი წრე მოანდომა და ამჯერად მე-9 დროს დასჯერდა. თან, პირველ სესიაზე მისსავე საუკეთესო დროსთან თითქმის წამი „წააგო“.
დათას თქმით, ამჯერად მისი „ფოლკსვაგენ გოლფი“ იმაზე უარესად მუშაობდა, ვიდრე პირველ სესიაზე. უფრო მეტიც, მისი თანაგუნდელის, მიხაილ გრაჩოვის მანქანაც ჭირვეულობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მანქანა სრულიად ახალია და გუნდს მასზე მუშაობის ნაკლები გამოცდილება აქვს. იმედია, ეს პრობლემა თანდათან აღმოიფხვრება.
ამჯერად ყველაზე სწრაფი ჯანი მორბიდელი (ვესტ ქოუსტ რეისინგი, ჰონდა სივიკი) იყო, რომელმაც თავისი დრო სესიის წითელი დროშებით შეჩერებამდე რამდენიმე წამით ადრე დააფიქსირა. იტალიელმა ზედიზედ ორჯერ შეძლო საუკეთესო დროის დაფიქსირება. სესია კი იმის გამო შეწყდა, რომ „ოპელ ასტრათი“ მოასპარეზე ხორდი ორიოლამ და მისმა თანაგუნდელმა ანდრეა ბელიკიმ შეცდომები დაუშვეს, მერე კი ატილა ტასის „სეატ ლეონი“ კედელს დაეჯახა. ეს იმ დროს მოხდა, როცა სესიის დასრულებას 5 წუთი აკლდა.
ვარჯიშის განახლების შემდეგ, რამდენიმე პილოტმა შეძლო თავისი დროის გაუმჯობესება, მაგრამ მორბიდელიმ ცხრილის სათავეში ადგილი ადვილად შეინარჩუნა. იტალიელს 0.4 წამზე მეტით ჩამორჩა პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი), რომელმაც წამის მეათედზე ნაკლებით აჯობა ფრანგ ჟან-კარლ ვერნის (ფოლკსვაგენ გოლფი). მეოთხე დრო ამერიკელ ჯეიმს ნეშს (სეატ ლეონი) ჰქონდა.
ხვალ კვალიფიკაცია ჩვენი დროით 14:00 საათზეა, ფორმულა 1-ის საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ კი TCR-ის პილოტებს პირველ რბოლაში მოუწევთ ასპარეზობა.









