სხვა

0:12 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ჰოკეისტებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა გაანადგურეს

მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მოთამაშე საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა სპორტსმენებმა სტამბოლში მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ თურქეთთან 4:5 წააგეს, დღეს კი ბოსნია-ჰერცეგოვინა 8:0 გაანადგურეს.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარა გახლდათ, მატჩის ბედი კი, ფაქტობრივად, პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც დმიტრი აფანასიევის მიერ დარიგებულმა და ნატურალიზებული რუსი ჰოკეისტებით გაძლიერებულმა ჩვენმა გუნდმა 4:0 მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თბილისის “რუხი მგლების” მცველი რევაზ ცომაია გახდა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. უფრო შედეგიანი იყო ცომაიას თანაგუნდელი ბორის კოჩკინი, რომელმაც თავი დუბლით და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დღის კიდევ ერთ შეხვედრაში ჰონგ კონგი, რომელიც პირველ ტურში ხსენებულ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 4:5 დამარცხდა, სამხრეთ აფრიკასთან განადგურდა – 1:9.

ცნობისთვის, აფრიკელები გასულ წელს II დივიზიონში თამაშობდნენ და ვინაიდან ბოლო ადგილი დაიკავეს, ადგილის ჩრდილოეთ კორეისთვის დათმობა მოუხდათ.

მოკლედ, სამხრეთ აფრიკა თურქეთთან ერთად ფავორიტად ითვლება, აი, ჰონგ კონგთან და ლუქსემბურგთან გამარჯვებაზე ფიქრი კი ნამდვილად შეიძლება.

ცნობისთვის, ლუქსემბურგმა საწყის ტურში სამხრეთ აფრიკასთან 2:3 წააგო, თურქეთთან კი საერთოდაც უშანსოდ იყო და მატჩი 2:10 დათმო.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი ასეთია: სამხრეთ აფრიკა – საქართველო (3 აპრილი), საქართველო – ლუქსემბურგი (4 აპრილი), ჰონგ კონგი – საქართველო (6 აპრილი).

საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა 8:0 (4:0, 2:0, 2:0)

პირველი პერიოდი

1:0 კოჩკინი (შალუნოვი), 09:09

2:0 ცომაია (კოჩკინი), 11:30

3:0 გეფერიძე (დუმბაძე), 16:06

4:0 კოზიულინი (კოჩკინი), 16:50

მეორე პერიოდი

5:0 ოგანეზიანი (კოზიულინი), 26:45

6:0 კოჩკინი (ჯეირანაშვილი), 34:07

მესამე პერიოდი

7:0 ოგანეზიანი (კოჩკინი), 40:31

8:0 კავკასიძე (მინასიანი, ცომაია), 49:22

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092238