ახალმა საკვალიფიკაციო ფორმატმა ისევ ვერ ჩააბარა გამოცდა. ბაჰრეინში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ასეთი კვალიფიკაციის ტრიბუნიდან ცქერას აზრი არ აქვს. კვალიფიკაციის ბოლო ნაწილში, ტრასა მეტწილად ცარიელია და უფრო ხშირად, თავის არ ის პილოტები იწუხებენ, რომლებსაც რბოლიდან გავარდნა ემუქრებათ. როცა მათი დრო ირთვება, ისინი ხშირად კოკპიტიდან უკვე ამოსულებიც კი არიან ხოლმე. სხვათა შორის, საკვალიფიკაციო რბოლის დაწყებამდე, ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ფ1 სასწრაფოდ ძველ ფორმატს დაუბრუნდება.
რაც შეეხება პოულს, მისთვის ბრძოლა ლუის ჰამილტონმა ბოლო წუთებზე (ძველი ფორმატით, ეს ბოლო წამებზე ხდებოდა ხოლმე) მოიგო. მას პირველი ცდა გაუფუჭდა, რის გამოც, სესიის დასკვნით ნაწილში კარგა ხანს მეოთხე პოზიცია ეკავა. ბოლო ცდა კი, არამხოლოდ მიმდინარე რბოლაში, არამედ ბაჰრეინის დიდი პრიზის ისტორიაში, უსწრაფესი გამოდგა. ბრიტანელმა ის 1:29.493-ში გაიარა და 0.034 წამით გააუმჯობესა ძველი რეკორდი, რომელიც მარკ ვებერმა 11 წლის წინათ დაამყარა.
„ჯერჯერობით იოლი უიკენდი არ მაქვს. აქამდე ნიკო სულ წინ იყო. მე კი სწრაფი წრეების უშეცდომოდ გავლა არ გამომდიოდა. იღბლად, ასეთი წრე სწორედ ეს ბოლო წრე გამოვიდა. იმედი მაქვს, ასეთს რბოლისას ბევრს გავივლი“, - განაცხადა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ვინც სეზონის პირველი რბოლა, ავსტრალიის დიდი პრიზიც პოულიდან დაიწყო, თუმცა სტარტი ჩააგდო და ფიქრობს, რომ სასტარტო პროცედურაში მის გუნდს ნაბიჯი წინ არც ბაჰრეინისთვის გადაუდგამს.
საინტერესოა, რომ ჰამილტონს ბაჰრეინში წინა ორი რბოლა მოგებული აქვს და ის ორივე სეზონი ტიტულებით დაასრულა. რაც შეეხება ნიკო როსბერგს, ის მელბურნშიც სტარტზე მეორე იყო, თუმცა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. რაც მთავარია, გერმანელს უკვე ზედიზედ ოთხი რბოლა აქვს მოგებული და ბაჰრეინში ამ სერიის გაგრძელებას ეცდება.
საინტერესოა, რომ კვალიფიკაციის მეორე ნაწილში დებიუტანტ „ჰაასის“ ორივე პილოტმა იასპარეზა. ამასთან, რომენ გროჟანს მესამე ნაწილამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მე-12 დრო ჰქონდა ბელგიელ ახალბედა სტოფელ ვანდოორნს, რომელიც ბაჰრეინში ფერნანდო ალონსოს ნაცვლად ასპარეზობს. „მაკლარენის“ სარეზერვო პილოტმა 0.064 წამით აჯობა თავის გამოცდილ და ტიტულოვან თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს. დაკიდევ, შესანიშნავად იასპარეზა ფ1-ის კიდევ ერთმა ახალბედამ, „მენორის“ პასკალ ვერლაინმა, ვინც მე-16 ადგილს დასჯერდა და მეორე ნაწილში გადასვლამდე ერთ ნაბიჯში დარჩა.
ბაჰრეინის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:29.493
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:29.570
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:30.012
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:30.244
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:30.854
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:31.153
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:31.155
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:31.620
- - - - - - - - - -
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:31.756
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:31.772
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:31.816
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:31.934
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:31.945
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:31.998
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:32.241
- - - - - - - - - -
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:32.806
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:32.840
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:32.911
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:33.181
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:33.438
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:34.190
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:34.388









