ბაჰრეინში TCR-ის საერთაშორისო სერიის 2016 წლის სეზონის პირველი ეტაპის პირველი რბოლა გაიმართა. დათა ქაჯაიამ სერიაში თავისი სადებიუტო რბოლა მეათე პოზიციიდან დაიწყო და მეცხრეზე დაასრულა, რაც ცუდი სტარტის გათვალისწინებით, საშუალოზე უკეთესი შედეგია. მითუმეტეს, სტარტზე ჩამორჩენის შემდეგ, მან რამდენიმე მეტოქის, მათ შორის, თანაგუნდელ მიხაილ გრაჩოვის ჩამოტოვება შეძლო.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ დათას მანქანის სათანადოდ მომზადება ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ, მეორე რბოლაშიც ჩვენებურს მეტოქეების გარდა, თავის მანქანასთანც მოუწევს ბრძოლა. საქმე ისაა, რომ პრაქტიკების შემდგომ ჩატარებულმა კომპიუტერულმა ანალიზმა, რომ პრობლემა სამუხრუჭე სისტემაშია და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბაჰრეინში მისი გამოსწორება შეუძლებელი იქნება.
მოკლედ, ცუდი სტარტის მიუხედავად, რომელსაც მეორე მოსახვევში ორ მეტოქესთან საკმაოდ ხისტი კონტაქტიც მოჰყვა, რის გამოც პელოტონის უკანა ნაწილში აღმოჩნდა, დათამ მალევე დაიწყო დანაკარგის ანაზღაურება და უკვე მეორე წრეზე, მე-11 ადგილისთვის მატ’ო ჰომოლას გაუმართა პირველი ბრძოლა. მე-5 წრეზე კი გრაჩოვს გაასწრო. მართალია, რუსმა მალე დაიბრუნა მე-9 პოზიცია, მაგრამ დათამ ისევ ჩამოიტოვა და აქედან მოყოლებული, თანაგუნდელი მისი მდევრის როლს დასჯერდა.
მომდევნო წრეზე, დათა სერიის მოქმედ ჩემპიონ სტეფანო კომინისთან ერთად, ისევ ჰომოლას წამოეწია, რომელიც ამ დროს უკვე მე-6 იყო. კომინიმ შეძლო სლოვაკის უკან მოტოვება. და მართალია, ჰომოლამ მალევე დაიბრუნა, მაგრამ შეცდა და ამით უმალ ისარგებლეს ქაჯაიამ და კომინიმ. ჰომოლამ, ვისთან პაექრობაც გასულ სეზონში ქაჯაიას ევროპის თასზე უწევდა, ჩვენებური ისევ ჩამოიტოვა, მაგრამ დათას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისევ გაასწრო მას და თითქოს, ფინიშის ხაზი მერვეს უნდა გადაეკვეთა, მაგრამ ბოლო მოსახვევში ოპტიმალურ ტრაექტორიას გასცდა, რამაც სიჩქარე დააკაგრვინა. და ჰომოლამ ფინიშთან სულ რაღაც მეტრით მიასწრო...
რბოლა კი ესპანელმა პეპე ორიოლამ მოიგო, რომელმაც დასაწყისშივე შეძლო დაწინაურება, თანაგუნდელ ჯეიმს ნეშის და ჯანი მორბიდელის შეტევებსაც გაუძლო და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. მესამეზე ნეში გავიდა, პოულის მფლობელი სერგეი აფანასიევი კი მეოთხე ადგილს დასჯერდა.
მაშ ასე, დათას სტარტი TCR-ის სერიაში, გარემოებათა გათვალისწინებით, არცთუ ურიგო აღმოჩნდა. რაც მთავარია, ჩვენებურმა ის ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, რომელმაც წინა სეზონებში, არაერთ გამარჯვებამდე მიიყვანა და ორი ქულა ჩაიწერა აქტივში. ხვალ ბაჰრეინის მეორე რბოლას წინა რიგიდან დაიწყებს და მართალია, „სეატ ლეონით“ და „ჰონდა სივიკით“ მოასპარეზე მეტოქეებთან ბრძოლა იოლი არ იქნება, მაგრამ იმედია უფრო მეტი ქულის დაგროვებას შეძლებს. ეს ქულები მას სეზონის ბოლოს აუცილებლად გამოადგება.
ბაჰრეინის დიდი პრიზი. პირველი რბოლა
- პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 22:25.883
- ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 22:28.255
- ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 22:29.102
- სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 22:30.878
- აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა) 22:35.785
- დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 22:35.802
- სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 22:45.970
- მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 22:49.202
- დათა ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 22:49.247
- მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ფოლკსვაგენი) 22:50.438
- ხორდი ორიოლა (ესპანეთი, ოპელი) 22:53.633
- ლუიჯი ფერარა (იტალია, სუბარუ) 22:55.772
- მიქაელა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო) 23:01.275
- ანდრეა ბელიკი (იტალია, ოპელი) 23:11.644
- სალმან ალ ხალიფა (ბაჰრეინი, სეატ კაპ) 23:19.907
- ჰუსაინ კარიმი (ბაჰრეინი, სეატ კაპ) 23:43.850
გ. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 6:49.679
გ. კევინ გლისონი (აშშ, ჰონდა) 6:50.224
კლასიფიკაცია:
1. პეპე ორიოლა - 26 ქულა; 2. ჯანი მორბიდელი - 20; 3. ჯეიმს ნეში - 18; 4. სერგეი აფანასიევი - 17; 5. დუშან ბორკოვიჩი - 12; 6. აკუ პელინენი - 10; 7. სტეფანო კომინი - 6; 8. მატ’ო ჰომოლა - 4; 9. დათა ქაჯაია - 2; 10. მიხაილ გრაჩოვი - 1.









