მთელი 90 წუთი ისე გაილია, გუნდებს ასპროცენტიანი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ. იყო მხოლოდ ნახევარმომენტები და ლოგიკურად, 0:0 დასრულდა მატჩი. არცერთი გუნდი არ იმსახურებდა გამარჯვებას. საუბარია “ლოკომოტივი”-“საპოვნელას” შეხვედრაზე.
ცხრილიდან გამომდინარე, ორივე გუნდს სჭირდებოდა მოგება. ორივენი საშიშ ზონაში არიან და ეს უფრო თერჯოლელებზე ითქმის – რაც უნდა იყოს, თბილისელები “საპოვნელას” 5 ქულით უსწრებენ და შედარებით ნორმალურად აქვთ საქმე. ეგაა, როდის მოიგებს ჟერარდ სარაგოსას გუნდი, ჯერ საკითხავია: ბოლოს 6 ნოემბერს სძლიეს ”ზუგდიდს” (3:0).
მე-5 წუთზე დავით ოდიკაძის ჩაწოდებულს ჯაბა დვალი ურტყამდა, ოღონდ უხერხული პოზიცია ჰქონდა, კარგად ვერ გაისწორა ბურთი და მეკარემ იოლად აიღო. თანაბარი თამაში იყო და ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა უპირატესობა, თუმცა ეს დაახლოებით 30-ე წუთამდე. ტაიმის ბოლო წუთებში “ლოკომოტივი” გააქტიურდა და ბაჩანა ცხადაძის ორი სახიფათო თავური ვნახეთ, ორივე არაზუსტი გამოდგა. კიდევ, მამია გავაშელიშვილი ურტყამდა მახვილი კუთხიდან და გარედან მოარტყა ბურთი ბადეს.
მეორე ნახევარში კიდევ უფრო დუნე თამაში ვიხილეთ. თითო შანსი გააცუდეს გუნდებმა: ჯერ დავით ჩაგელიშვილმა ააცილა, მერე კი ოდიკაძის ჩაწოდებულს გიორგი ტყეშელაშვილმა შეაგება თავური და რევაზ თევდორაძემ მოიგერია.
ბოლოს ნერვებიც დაიძაბა, ხშირი იყო ჯარიმები და საინტერესო აღარაფერი მოხდარა გარდა იმისა, რომ დემურ ჩიხლაძეს ჰქონდა შანსი – საჯარიმოს მისადგომებიდან ისე დაარტყა, ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მეკარემ შეიმაგრა ბურთი.
ეს მომენტები კი ჩამოვთვალეთ, მაგრამ უეჭველად გასატანი იყოო, ვერცერთზე ვერ იტყოდი. გააზრებული შეტევები თითქმის არ გვინახავს.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. 22-ე ტური
“ლოკომოტივი” (თბილისი) – “საპოვნელა” (თერჯოლა) 0:0
ლოკომოტივი: თევდორაძე, ბენაშვილი (მზევაშვილი 83), გეთიაშვილი, მახარაძე, გიორგი ფოფხაძე, სულთანიშვილი, დიასამიძე (ჩიხლაძე 77), უბილავა, ჩაგელიშვილი, გავაშელიშვილი (არდაზიშვილი 61), ცხადაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
საპოვნელა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ქათამაძე, ჯიხვაძე (ჩიკვილაძე 14), ზურაბ ენდელაძე, ნარიმანიძე, ბოლქვაძე, ბერუაშვილი (ბუხაიძე 46), მაკარიძე (ბანძელაძე 71), ტყეშელაშვილი, დვალი
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
გაფრთხილება: ტყეშელაშვილი (88)









