ავტოსპორტი

1:12 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება

ნიკო როსბერგს ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავს. უკვე ხუთი რბოლაა, მის დამარცხებას თვით სამგზის მსოფლიო ჩემპიონი თანაგუნდელიც კი ვერ ახერხებს. მართალია, გერმანელს ამაში ხანდახან იღბალიც ეხმარება, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბედი მეტწილად სწორედ ძლიერებს სწყალობს. მართალია, მან ზედიზედ ორ სეზონში ვერ შეძლო ლუის ჰამილტონისთვის ტიტულის მოპოვებაში ხელის შეშლა, მაგრამ ეს წარსულია, აწმყოში კი ჯერჯერობით მხოლოდ ის იგებს!

ბაჰრეინში ნიკოს საქმე სტარტამდე გაუადვილდა - სტარტზე დადგომამდე, ძრავი დაეწვა სებასტიან ფეტელს, სტარტზე კი, ჰამილტონი სტარტზე კვლავ ნელა დაიძრა, რითაც კარგად ისარგებლა როსბერგმა. უფრო მეტიც, ჰამილტონს ვალტერი ბოტასმაც შეუტია. მაგრამ ვერ მოზომა და ჩემპიონს დაეჯახა. მართალია, ორივემ შეძლო რბოლის გაგრძელება, მაგრამ ფინლმა პოზიცია მოიგო, ჰამილტონი კი ჯერ პელოტონის შუაში აღმოჩნდა, შემდეგ კი ბოქსში შევიდა, რათა რეზინი გამოეცვალა.

ჰამილტონმა ძალიან მალე შეძლო მოწინავეთა რიგებში დაბრუნება, ბოტასი კი სტუარდებმა შეჯახებაში დამნაშავედ სცნეს და პიტლეინზე უქმად გავლა დააკისრეს. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდა, მას ჯერ კიმი რაიკონენმა გაასწრო, შემდეგ კი ჰამილტონმაც. ამ დროს კი როსბერგს უკვე მოესწრო სოლიდური ჰანდიკაპით დაწინაურება და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

აქედან მოყოლებული, რბოლისას ბევრი საინტერესო მანვრი შესრულდა, მაგრამ მხოლოდ პელოტონის შუა ნაწილში. როსბერგს არავისთვის მიუცია იმის საბაბი, რომ გასწრებაზე ეფიქრათ. ჰამილტონიც ერთხანს ცდილობდა მეორეზე გადანაცვლებას, მაგრამ რაიკონენის ტემპი ამის იმედს არ უტოვებდა. შუაში კი ბევრი ბრძოლა იყო, თუმცა მხოლოდ ლოკალური, რომლებსაც წინ არაფერი შეუცვლია.

„საოცარი უქმეები იყო. მთავარი მომენტი სტარტზე გვქონდა, თავიდანვე დავწინაურდი და იქიდან მოყოლებული, რბოლის კონტროლს ვცდილობდი“, - განაცხადა როსბერგმა, ვისი დებიუტი ფ1-ში სწორედ ბაჰრეინში შედგა ათი წლის წინათ და იქ პირველად ახლაღა გაიმარჯვა. ეს მისი მე-16 მოგებული დიდი პრიზია, რომლითაც თანაგუნდელთან უპირატესობა მან 17 ქულამდე გაზარდა.

კვლავ გაგვაოცა ფ1-ის დებიუტანტ „ჰაასის“ რომენ გროჟანმა, რომელმაც ამჯერად მე-5 ადგილი ბრძოლით მოიპოვა. პირველი სამეულის გარდა, ის მხოლოდ დანიელ რიკიარდოს ჩამორჩა. და ორი წამით აჯობა მაქს ფერსტაპენს. ამით დასრულდა იმ პილოტების სია, რომლებმაც გამარჯვებულის წრეში დაასრულეს რბოლა. დანარჩენები კი როსბერგს წრეზე ჩამორჩნენ. მათ შორის იყო ფ1-ის ბელგიელი დებიუტანტი სტოფელ ვანდოორნი, რომელმაც ტრავმირებული ფერნანდო ალონსოს ნაცვლად იასპარეზა და ფ1-ში თავისი პირველი ქულაც აიღო. თან ეს ამ სეზონში „მაკლარენისთვის“ პირველი ქულაცაა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

სახირი, დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:33:34.696
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) +00:10.282
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:30.148
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 01:02.494
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 01:18.299
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 01:20.929
  7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1 წრე
  10. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  12. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  13. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
  14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
  16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  17. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 28 წრე

გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 48 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 51 წრე

გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 57 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 57 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო რსბერგი - 1:34.482, 41-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 50 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 33; 3. დანიელ რიკარდო - 24; 4. კიმი რაიკონენი - 18; 5. რომენ გროჟანი - 18; 6. სებასტიან ფეტელი - 15; 7. ფელიპე მასა - 14; 8. მაქს ფერსტაპენი - 9; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 10. დანილ კვიატი - 6; 11. ვალტერი ბოტასი - 6; 12. კარლოს საინსი - 2; 13. სტოფელ ვანდოორნი - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 83 ქულა; 2. ფერარი - 33; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 30; 4. უილიამს-მერსედესი - 20; 5. ჰაას-ფერარ - 18; 6. ტორო როსო-ფერარი - 11; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 6; 8. მაკლარენ-ჰონდა - 1

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164072