ჩინეთის დიდი პრიზიდან მოყოლებული, ფორმულა 1 ძველ საკვალიფიკაციო ფორმატს დაუბრუნდება. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უკლებლივ ყველა გუნდმა, ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ერთსულოვნებამ, ბერნი ეკლსტოუნის და FIA-ს პრეზიდენტ ჟან ტოდტის თანხმობა განაპირობა.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) და ეკლსტოუნს სურდათ, რომ გუნდბთან ხუთშაბათის შეხვედრაზე, კვალიფიკაციის ფორმატის რამდენიმე ვარიანტი განეხილათ, მაგრამ გუნდებმა მათ წინა დღით ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, რომლითაც ერთხმად მოითხოვეს ძველი ფორმატის დაბრუნება. ამის შემდეგ, FIA-ს ისღა დარჩენოდა, ან ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაეტოვებინა ახლანდელი ფორმტი, რომელსაც ყველა აკრიტიკებს, ან გუნდების მოთხოვნას დათანხმებულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ამას მოჰყვა ეკლსტოუნის და ტოდტის შეხვედრა, რომელზეც მათ გადაწყვიტეს, რომ გუნდებს დათანხმებოდნენ. ახლა ისღაა დარჩენილი, რომ ეს ცვლილება ფ1-ის სტრატეგიულმა ჯგუფმა და ფ1-ის კომისიამ მოიწონონ, რის შემდეგაც, სიახლეს FIA-ს მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭო დაამტკიცებს. ეს ყველაფერი კი ალბათ ჩინეთის დიდ პრიზამდე მოესწრება.







