„ტორო როსოს“ ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ სეზონის მსვლელობისას, გეგმის შესაბამისად, მანქანის ორ-სამ გაუმჯობესებას მოახერხებს, რაც მას კარგად აღებული სტარტის შემდეგ, მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. პირველი ორი ეტაპის შემდეგ, ფაენცელებს კონსტრუქტორთა პირველობაზე მეექვსე ადგილი უკავიათ, მათი STR11 კი, თავისი „ფერარის“ (შარშანდელი) ძრავით, ამ გუნდისთვის არნახულად კარგად გამოიყურება.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ იტალიურ გუნდს ამ სეზონში ძრავის სრულყოფის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რასაც „ფერარისთან“ არსებული კონტრაქტი განაპირობებს. შესაბამისად, როგორც კი მეტოქეები ძრავების გაუმჯობესებას დაიწყებენ, „ტორო როსოს“ მათთან ტოლსწორად პაექრობა გაუჭირდება. მაგრამ გუნდის შეფი ფრანც ტოსტი ფიქრობს, შასის გაუმჯობესების ხარჯზე, მეტოქეებთან ბრძოლა შესაძლებელი იქნება. ამ იმედს მას ის გარემოება აძლევს, რომ ავტომობილი ჯერ შორსაა სრულყოფილებისგან.
„რა თქმა უნდა, იმის დრო არ გვქონდა, რომ სეზონის დასაწყისისთვის, ყველაფრის ოპტიმიზება მოგვესწრო. ჯეიმს კეი (ტექნიკური დირექტორი) და მისი გუნდი უკვე მუშაობენ სიახლეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის მსვლელობისას, მანქანის სრულყოფას შევძლებთ, რაც აუცილებელია თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გასული სეზონის ძრავით ვსარგებლობთ, რისი სრულყოფაც ვერ მოხერხდება. ამიტომ, მანქანაზე უნდა გადავიტანოთ მთელი ყურადღება. იმედი მაქვს, ორი ან სამი საფუძვლიანი გაუმჯობესებით, მიზნის მიღწევას შევძლებთ“, - ამბობს ტოსტი.
მანქანის მომზადების პროცესში, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ შასი „რენოს“ ძრავის პარამეტრების შესაბამისად არის შექმნილი და მასზე „ფერარის“ ძრავის მორგება, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას საჭიროებდა. შესაბამისად, შეიცვალა წონის განაწილება და სიმძიმის ცენტრი. ამ კომპრომისების გამო, STR11 უფრო ინტენსიურად ცვეთს საბურავებს, რამაც თავი პირველ ორ რბოლაში იჩინა.
ტოსტი ასევე ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ მის ორ აზალგაზრდა პილოტს, მაქს ფერსტაპენს და კარლოს საინს უმცროსს შორის უშეღავათო კონკურენციაა. „რა თქმა უნდა, ორივე ბოლომდე, უშეღავათოდ იბრძვის, მაგრამ ეს პრობლემა არაა. ეს ფ1-ია და ეს ისაა, რაც ჩვენ გვინდა. ჯერჯერობით, ორივე კარგად ირჯება. და დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლომდე ასე გააგრძელებენ“, - დასძენს ტოსტი.







