ავტოსპორტი

12:28 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდა“ ყურადღებას მაქსიმალურ სიჩქარეზე გაამახვილებს

„ჰონდა“ თავისი ძრავის მახასიათებლების მაქსიმალურად გამოყენებას დაიწყებს, რამაც „მაკლარენს“ შედეგების გაუმჯობესების საშუალება უნდა მისცეს. პირწმინდად ჩაგდებული გასული სეზონის შემდეგ, უოკინგელებმა ახალი სეზონი გაცილებით უკეთ დაიწყეს. რაც მთავარია, წარსულს ჩაბარდა აგრეგატის გამძლეობასთან დაკავშირებული პრობლემები და გაუმჯობესდა ERS სისტემის მუშაობა. შედეგად, ბაჰრეინში სტოფელ ვანდოორნმა გუნდს პირველი ქულა მოუპოვა.

მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ის არაა, რაც „მაკლარენს“ და „ჰონდას“ დააკმაყოფილებთ. და იაპონურმა კომპანიამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ავტომობილი უფრო სწრაფი და კონკურენტუნარიანი გახდეს. „ჰონდას“ ფ1-ის ძრავების ახალი შეფი იუსუკე ჰასეგავა ამბობს, რომ მისი ინჟინრების ახალი ამოცანა ისაა, რომ შიდაწვის ძრავის მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინონ.

„ჩვენი შდაწვის ძრავი მეტოქეებისგან არც ისე შორსაა. მაგრამ როგორც ტელემეტრია გვიჩვენებს, მაქსიმალურ ბრუნვებზე სიმძლავრე არასაკმარისია. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც აუცილებლად გამოსწორება სჭირდება. ამის გარეშე, არცთუ სწრაფი მანქანების გასწრებაც კი ძნელი იქნება. არ მინდა, ვინმე დავაკნინო, მაგრამ „ზაუბერის“ და „ჰაასის“ გასწრებაც კი გვიჭირს. ჩემი აზრით, სწორედ მაქსიმალურ ბრუნვებზე სიმძლავრე გვაკლია. და სწორედ ამ ნაკლის გამოსწორება გვმართებს“, - ამბობს ჰასეგავა.

ის ასევე უარყოფს მოსაზრებას, რომ თითქოს, ახალ ძალურ დანადგარს უფრო ნაკლები სიმძლავრე აქვს, ვიდრე მის წინამორბედს. თუმცა ამბობს, რომ სიმძლავრე დაბალანსებულია, რათა „მაკლარენს“ შასის სრულყოფის საშუალება მიეცეს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მაქსიმალური სიმძლავრის მიწოდება, საქმეს არ გამოასწორებს. ამ ეტაპზე მთავარი ისაა, რომ გამძლეობასა და სიმძლავრეს შორის სწორი ბალანსი მოვნახოთ. მე არ მინდა ისეთი ძრავი გავაკეთოთ, რომელიც მხოლოდ სამ წრეს გაუძლებს. ბალანსის მოძებნა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული საქმეა. მხოლოდ მაქსიმალური სიმძლავრის მიწოდება კი სირთულეს არ წარმოადგენს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170126