ლუის ჰამილტონს ჩინეთის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, ხუთი ადგილით უკან დაწევა მოუწევს, რადგან „მერსედესის“ გუნდს, მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფის გამოცვლამ მოუწია. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, გადაცემათა კოლოფმა ზედიზედ ექვს რბოლას უნდა გაუძლოს. თუ არა, მაშინ პილოტი სტარტზე ხუთ ადგილს დაკარგავს.
შანჰაიში გუშინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ბრიტანელ პილოტს ჰკითხეს, მისთვის სეზონის არცთუ კარგი სტარტი, 2014 წლის სეზონის დასაწყისს ხომ არ აგონებს, რაზეც მან უპასუხა: „ჩემთვის ეს 2016 წლის სეზონია! როგორც მახსოვს, 2014 წლის სეზონის დასაწყისი ცოტა განსხვავებული იყო. მეორე რბოლაში ჩამორჩენა შევამცირე, ასე არაა? ამჯერად ეს ვერ შევძელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გამოწვევაა და მე ეს მომწონს“.
ჰამილტონი დასძენს: „რა თქმა უნდა, როცა ოთხშაბათსვე გაიგებ, რომ სტარტზე ჯარიმით გასვლა მოგიწევს, ეს მიდგომის შეცვლას გაიძულებს. ჩემთვის გამოწვევა განვითარების საშუალებაა. ამიტომ, გამოწვევით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ ჯარიმის გათვალისწინებით, საუკეთესო პოზიციიდან მომიწევს სტარტის აღება. მე რბოლები მიყვარს. და აქაც რბოლისთვის ვართ. წინ რომ ვიყო, რბოლა ნაკლებად საინტერესო იქნება“.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ხაზს უსვამს, რომ მის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს გაცილებით იოლად ექნება საქმე: „ნიკოსთვის იოლი უიკენდი იქნება. ეს ალბათ მისთვის ყველაზე იოლი რბოლა იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მას არ შევაწუხებ. მნიშვნელობა არ აქვს, სტარტს საიდან ავიღებ. მივაწვები ისე, როგორც შემიძლია. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რბოლის მოგებას ვერ შევძლებ. სწორედ ამაზე ვფიქრობ და არა იმაზე, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ქულა დავუთმო“.
მან ასევე განაცხადა, რომ გადაცემათა კოლოფი, ბაჰრეინის რბოლის დასაწყისში, ვალტერი ბოტასთან შეჯახებისას არ დაზიანებულა. უფრო მეტიც, იმ რბოლისას მას პრობლემა არც შექმნია: „ინჟინრებმა რაღაც დააფიქსირეს, ეს მათი სამუშაოა. და ისინი ამ საკითხზე მუშაობენ. მანქანას დიდხანს არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ალბათ ისინი ამ უწესივრობასაც გამოასწორებენ“.
ის ასევე შეეხო იმ ფაქტსაც, რომ კვალიფიკაცია ისევ ძველი ფორმატით ჩატარდება. ჰამილტონის თქმით, მისთვის სულერთია, რომელიც ფორმატით ტარდება რბოლები, რადგან მისთვის მიზანი უცვლელია: „იქნებ ამას სხვებისთვის აქვს მნიშვნელობა, ვინც უკანაა, მაგრამ ჩემთვის განსხვავება არაა. ალბათ ეს ფანებს სურდათ. ჰოდა, კარგია, რომ ასე მოხდა“.







