ფეხბურთი

1:34 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ქეცბაია ჩემპიონობას მიუახლოვდა

საფრანგეთი: "რეიმსმა" ბოლოადგილოსანთან, უკვე გავარდნილ "ტრუასთან" გასვლაზე 1:2 წააგო და მართალია, ბოლოდან მეოთხე ადგილზე დარჩა, მაგრამ კიდევ უფრო სათუოდ გაიხადა ლიგაში დარჩენა. სამი გუნდი ვარდება. ჯაბა კანკავას რაც შეეხება, შეუცვლელად ითამაშა.
ჰოლანდია: გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესმა" 1:1 დაასრულა შეხვედრა "ჰერაკლესთან" და მეშვიდეზეა. ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს. მეორე წრე აშკარად ჩაუვარდათ არნემელებს.
აზერბაიჯანი: ბაქოს "ინტერმა" "ქიაფაზთან" გასვლაზე 1:1 ითამაშა და მესამეზეა. "ინტერში" გიორგი ლომაიამ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა ითამაშეს. ლაშა კასრაძე კი სათადარიგოებში იყო.
ბელარუსი: ვალერიან გვილიას "მინსკს" ორ ტურში ორი მოგება ჰქონდა, მესამეში კი შინ ბატე-სთან 2:3 წააგო. გვილიამ შეუცვლელად ითამაშა.
კვიპროსი: თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აპოელ-ი ძალიან ახლოსაა ჩემპიონობასთან. აპოელ-მა 4;1 სძლია "ნეა სალამისს" და 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ორი ტური დარჩა და ქეცბაიას გუნდს ერთი მოგებაღა სჭირდება.
ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისმა" შინ 0:3 წააგო "ომონიასთან" და მეხუთეზეა. მაისურაძემ 90 წუთი ითამაშა.
ჩეხეთი: ლევან ყენიას "სლავია" სტუმრად 1:1-ზე გაეყარა "სიგმას" და მეხუთეზე დარჩა. ყენია სასტარტოში გახლდათ და 77-ე წუთამდე ითამაშა.
დანია: "ორჰუსის სასტარტოში დაბრუნდა და ტაიმნახევარი ითამაშა მათე ვაწაძემ. ორჰუსელებმა შინ 0;2 წააგეს "რანდერსთან" და ბოლოდან მესამე საფეხურზე არიან.
პოლონეთი: ლაშა დვალის "შლიონსკმა" სტუმრად 1:1 დაასრულა "კორონასთან" და ბოლოდან მეიოთხე ადგილზეა. დვალმა 90 წუთი ითამაშა.
თურქეთი: როგორც წესი, აქ ქართველებს თითქმის არ უწევთ თამაში. ნიკა ძალამიძე "რიზესფორი"-"ოსმანლისფორის" შეხვედრაში (0:1) 87-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. თორნიკე ოქრიაშვილი კი "ესქიშეჰირსფორი"-"ქონიასფორის" მატჩში (1:2) სათადარიგო იყო და არ უთამაშია.
ძალამიძის გუნდი ბოლოდან მეხუთეზეა, ოქრიაშვილისა - ბოლოსწინაზე.
უკრაინა: "დნიპრომ" 5:0 გაანადგურა "მეტალისტი"და მესამე პოზიციაზეა. დნიპროელთა სათადარიგოთა სკამზე იყო სანდრო კობახიძე - სათამაშო პრაქტიკის გარეშე. ასევე, ჯაბა ლიპარტიაც უთამაშებელი დარჩა "ოლექსანდრია"-"ზორიას" მატჩში (2:0).რაც შეეხება ოლექსანდრიელ დავით თარგამაძეს, მას ტრავმა აწუხებს. "ზორია" მეოთხე ადგილზეა,ხოლო თარგამაძის გუნდი - მეექვსეზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094372