ავტოსპორტი

15:13 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგმა მესამე შანჰაიში მოიგო

ნიკო როსბერგის წარმატებებს მივეჩვიეთ, შანჰაიში ზედიზედ მეექვსე, ამ სეზონიში კი ზედიზედ მესამე (სამიდან) გამარჯვება მოიპოვა. და ამით, უახლოეს მდევართან, ვინც მისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონია, უპირატესობა 36 ქულამდე (17-დან) გაზარდა. შანჰაიში ტრასაზე ნიკო მარტო იყო, თუ არ ჩავთვლით სტარტს, როცა მას დანიელ რიკიარდომ გაუარა. თუმცა ავსტრალიელისგან მე-3 წრეზე დაიბრუნა მოწინავე პოზიცია და აქედან მოყოლებული, მეტოქეებს ან მხოლოდ პიტლაინზე ხედავდა, ანაც წრეზე ჩამორჩენილების გასწრებისას.

მართალია, როსბერგი „მარტო იყო“ (იმდენად დიდი იყო მისი უპირატესობა), მაგრამ რბოლა მაინც ძალიან საინტერესო გამოდგა. თრილერი სტარტზევე დაიწყო და თითქმის ბოლომდე გაგრძელდა. ის რიკიარდოს დაწინაურებით „ჩაირთო“ და ბოლოსკენ, კიმი რაიკონენის მიერ ფელიპე მასას გასწრებით დასრულდა. ეს 46-ე წრეზე მოხდა და მას შემდეგ, მოწინავე რიგებში თითქმის აღარაფერი შეცვლილა. გასწრებების სიუხვით, ჩინეთის 2016 წლის დიდი პრიზი ალბათ ყველაზე გამორჩეული იყო ბოლო წლებში.

სტარტზევე, უფრო სწორედ, პირველ მოსახვევში, სამი ინციდენტი მოხდა. შედეგად, სამ მანქანას ცხვირის გამოცვლა დასჭირდა, მეოთხეს (სებასტიან ფეტელის ფერარის) კი იგივე ელემენტი მოგვიანებით შეუცვალეს. გერმანელის გარდა, კიმი რაიკონენი, ლუის ჰამილტონი და რომენ გროჟანი დაზარალდნენ.

მთავარი ინციდენტი მოწინავეებს შეემთხვათ: ფეტელმა პირველ მოსახვევში რაიკონენს შეუტია, რომელმაც ტრასის შუა ტრაექტორია დაიჭირა. ორივეზე სწრაფად მოსახვევში დანილ კვიატი შევიდა, რომელსაც შიდა ტრაექტორია ეკავა და ძალიან სწრაფად გაუარა გერმანელს. ამან ოდნავ მარცხნივ აიღო საჭე. იმავდროულად, მარჯვნისკენ ოდნავ მკვეთრად სცადა მოხვევა რაიკონენმა. მაგრამ თანაგუნდელის მანქანას წინა მარცხენა ბორბალზე „წამოედო“. ფინელმა სწრაფად შეძლო მანქანის გასწორება, მაგრამ მის „ფერარის“ ცხვირი დაუზიანდა.

მესამე წრეზე, მას შემდეგ, რაც როსბერგმა გაუარა, რიკიარდოს საბურავი დაუზიანდა და ბოქსებში შევიდა. როგორც ჩანს, საბურავი იმ ნამსხვრევებმა დააზიანა, რომლებიც ტრასაზე პირველ მოსახვევში მომხდარი ბატალიების შემდეგ დარჩა. ამის გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რომელმაც პელოტონი 6 წრის განმავლობაში ატარა. ტრასაზე მისი ყოფნისას, ზოგმა პილოტმა საბურავების შეცვლა გადაწყვიტა. მათ შორის იყო ფეტელიც, ვისაც რაიკონენთან შეჯახებისას დაზიანებული მანქანის ცხვირი შეუცვალეს. სხვათა შორის, პიტლეინის გზაზე, ფეტელმა ორ მეტოქეს გაასწრო, რაც ჩვეულებრივ, არ შეიძლება, მაგრამ სტიუარდებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზი, გაუმართლებლად ნელა მოძრავი (რაც ასევე დაუშვებელია) ნიკო ჰულკენბერგი იყო. თუმცა ჯარიმას ჰულკიც გადაურჩა.

საბოლოოდ, ფეტელმა ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა და გამარჯვებულს 37 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი კვიატმა მოინადირა. კვარცხლბეკამდე მათ სტარტზე მომხდარი „გაარჩიეს“ - ფეტელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კვიატი მოსახვევში „ტორპედოსავით შევარდა“. ფეტელმა ნარბოლევს რაიკონენთან მიირბინა და მოუბოდიშა. მან ინციდენტის შემდეგაც, რადიოთი თავისიანებს უთხრა, კვიატი ისე შემოვარდა, რომ არ მოვრიდებოდი, დამამტვრევდა და მერე კიმის მაინც დავეჯახებოდიო. ისიც ფაქტია, რომ ის ორ მანქანას შორის იყო მოქცეული და მკვეთრად რომ დაემუხრუჭებინა, შეჯახებას მაინც ვერ გადაურჩებოდა, ოღონდ თანაგუნდელის ნაცვლად, სხვა (უკან მომავალი) დაეჯახებოდა. ამ სიტუაციაში, რაიკონენს უნდა ეზრუნა იმისათვის, რომ მის გვერდში მყოფი გერმანელისთვის გზა არ შეევიწროვებინა. მან კი ეს არ გააკეთა...

ჰამილტონმა, ვისაც რბოლამდე ძრავი შეუცვალეს, რომლის გამოც, კვალიფიკაციაზე დროის დაფიქსირებაც კ ვერ მოახერხა, ერთ მომენტში მესამე ადგილამდე დაწინაურებაც კი შეძლო, თუმცა ბოლოს საბურავები „არ ეყო“, რის გამოც, რიკიარდოსთან გაბრძოლებაც კი ვერ შეძლო. არადა, ამ დროს თავად ამაოდ უტევდა ფელიპე მასას. საბოლოოდ, ის მე-7 ადგილს დასჯერდა. და ეს მაშინ, როცა ბოქსებში შესვლამ ხუთჯერ (!) მოუწია.

ჩინეთის დიდი პრიზი

შანჰაი, დისტანცია 305.066 კმ (5.451 კმ, 56 წრე)

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38:53.891
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:37.776
  3. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 00:45.936
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:52.688
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:05.872
  6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:15.511
  7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 01:18.230
  8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 01:19.268
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:24.127
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:26.192
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:34.283
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 01:37.253
  13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:41.990
  14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
  16. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  18. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
  19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  20. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  21. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1 წრე
  22. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე

უსწრაფესი წრე: ნიკო ჰულკენბერგი - 1:39.824, 48-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 75 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 39; 3. დანიელ რიკარდო - 36; 4. სებასტიან ფეტელი - 33; 5. კიმი რაიკონენი - 28; 6. ფელიპე მასა - 22; 7. დანილ კვიატი - 21; 8. რომენ გროჟანი - 18; 9. მაქს ფერსტაპენი - 13; 10. ვალტერი ბოტასი - 7; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 12. კარლოს საინსი - 4; 13. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) – 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 114 ქულა; 2. ფერარი - 61; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 57; 4. უილიამს-მერსედესი - 29; 5. ჰაას-ფერარი - 18; 6. ტორო როსო-ფერარი - 17; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 6; 8. მაკლარენ-ჰონდა - 1; 9. რენო - 0; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. მენორ-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17472