ავტოსპორტი

12:35 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“: „რედ ბულისთვის“ ძრავის მიწოდება შეცდომა იქნებოდა

ჩინეთის დიდი პრიზის რბოლაში „რედ ბულის“ მიერ გამოვლენილმა ბრძოლის უნარიანობამ „ფერარის“ ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ავსტრიული გუნდისთვის ძრავების მიწოდებაზე უარის თქმა საფუძვლიანი გადაწყვეტილება იყო. გასული სეზონის ბოლოს, მილტონ კინსელები „ფერარისთან“ და „მერსედესთან“ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ძრავების თაობაზე, მაგრამ ორივესგან უარი მიიღეს.

ამის შემდეგ, ხარები მათგანვე მეტისმეტი კრიტიკით განაწყენებულ „რენოს“ მიუბრუნდნენ, რომელთანაც კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებდა, თუმცა ის ნაადრევად გაწყვიტეს არაკონკურენტუნარიანი ძრავების გამო. იყო შანსი იმისა, რომ „რედ ბულის“ ორივე გუნდი ძრავების გარეშე დარჩენილიყო. მაგრამ ფრანგულმა კომპანიამ თავის ძველ პარტნიორ გუნდს, რომელიც სწორედ მისი ძრავებით, ზედიზედ ოთხ სეზონში დომინირებდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ძრავების კონტრაქტი გაუგრძელა. ოღნდ, ავსტრიელები აგრეგატებს „TAG ჰოიერის“ სახელით იყენებენ.

ამ ძრავებს ჯერაც აკლია სიმძლავრე და გამძლეობა, მაგრამ მათი დახმარებითაც, „რედ ბული“ შანჰაის რბოლისას კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდა. ჯერ დანიელ რიკარდომ კვალიფიკაცია მეორე შედეგით დაასრულა, რბოლაში კი დანილ კვიატმა კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. რბოლას „ფერარის“ პრეზიდენტი სერჯო მარკიონე დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ მისი კომპანია არ შემცდარა, როცა „რედ ბულს“ ძრავების მიწოდებაზე უარი უთხრა.

„ძრავები რომ მიგვეცა, ჩვენ საშინელ შეცდომას დავუშვებდით. ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ ჩვენს წინ და ეს მეტყველებს იმაზე, რომ კვალიფიკაციისას რაღაც შეგვეშალა“, - ამბობს მარკიონე. მანვე ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, მალე ფორმულა 1-ს „ალფა რომეო“ დაუბრუნდეს.

„ფერარის“ მსგავსად, „რედ ბულისთვის“ ძრავების მიწოდებასთან დაკავშირებით, იმავე აზრს იზიარებს სამქიმიანების შეფი ტოტო ვოლფი. მისი თქმით, ეს „მერსედესის“ ინტერესებს არ შესაბამებოდა. თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მალე გამარჯვებებისთვის ბრძოლაში, ავსტრიული გუნდიც ჩაებმება.

„მათ (რედ ბულს) რბოლისას კარგი ტემპი ჰქონდათ. კარგი იქნება, თუ ისინი ბრძოლაში ისევ ჩაებმებიან. რიკიარდოს რბოლა საბურავმა გაუფუჭა. არადა, ფეტელისთვის კონკურენცია შეეძლო. როგორც ჩანს, მათ სოლიდური პროგრესი აქვთ“, - ასე აფასებს „რედ ბულის“ გამოსვლას ვოლფი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097947