ბერნი ეკლსტოუნს იმედი აქვს, რომ ფორმულა 1-ის კალენდარში ეტაპების რაოდენობას, ხუთი ამერიკული ეტაპის დამატებით გაზრდის. ფ1-ის შეფი ამბობს, რომ ოსტინის ეტაპის გარდა, კალენდარში ლას ვეგასის ქალაქის რბოლის შეტანის საკითხსაც განიხილავს. მას სურს, რომ კალენდარში რაც შეიძლება მეტი საქალაქო რბოლა იყოს.
კითხვაზე, რამდენი ამერიკული რბოლა იქნება ფორმულა 1-სთვის მისაღები, ბერნი პასუხობს: „ჩვენ მინიმუმ ექვსი მაინც გვჭირდება“. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ნიუ ჯერსის რბოლა, რომლის ჩატარებაც ოსტინამდე იგეგმებოდა, აღარ განიხილება. კალენდარში რბოლების რიცხვის გაზრდაზე, ეკლსტოუნი ბიზნესმენ სერ მარტინ სორელს ესაუბრა, ვინც ფორმულა 1-ის ჯგუფის მფლობელ კომპანია „ალფა ტოპკოს“ (რომელიც თავის მხრივ, CVC-ს ჯგუფში შედის) არააღმასრულებელი დირექტორია.
ეკლსტოუნი ამბობს, რომ ფორმულა 1-ის კალენდარი, ახლანდელი რეკორდული 21-დან გაზრდას გააგრძელებს: „ვვარაუდობ, რომ ამ პროცესის ბოლოს, კალენდარში რბოლების რიცხვი 25-ს მიაღწევს. პრობლემა, რომელიც ამ პროცესს ზღუდავს, გუნდებისგან მოდის, რადგან ამ ეტაპზე, მათი შემადგენლობა ზღვარზეა. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო“.
ამერიკაში რბოლების რიცხვის გაზრდის გარდა, ბერნის სურს, რომ ფ1 სამხრეთ აფრიკასაც დაუბრუნდეს. ის ამბობს, რომ კიალამის ტრასა განახლდა და მასზე რბოლების ჩატარება უკვე შესაძლებელია. ის ასევე დასძენს, რომ არაა აუცილებელი ევროპული ეტაპების, მათ შორის, გერმანიის დიდი პრიზის შენარჩუნებაზე თავის გამოდება: „ადრე მეუბნებოდნენ, რომ ფორმულა 1 საფრანგეთის დიდი პრიზის გარეშე ვერ გაძლებდა. ჩვენ ვაგრძელებთ, საფრანგეთის დიდი პრიზი კი არ არის. თუმცა მე მსურს, რომ კვლავ ჩატარდეს რბოლები საფრანგეთში და იმედი მაქვს, რომ კალენდარში კვლავ გვექნება გერმანიის დიდი პრიზი“.







