„ფერარის“ პრეზიდენტი და „ფიატ-კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე ამბობს, რომ მას „ალფა რომეოს“ ფორმულა 1-ში დაბრუნება სურს. თუმცა იმავდროულად დასძენს, რომ ამასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული გეგმა ჯერ არ გააჩნია.
იტალიური ბრენდი, რომელიც ამჟამად „ფიატს“ ეკუთვნის, ფ1-თან მჭიდროდ არის დაკავშირებული. დიდი პრიზების ცირკში ის დასაწყისიდანვე იყო და დომინანტ ძალას წარმოადგენდა - პირველივე ჩემპიონატი, ჯუზეპე ფარინასთან ერთად მოიგო. მერე ფ1 დატოვა და 1970-1980-იან წლებში დაბრუნდა ჯერ საკუთარი გუნდით, შემდეგ კი ძრავების მიმწოდებლის როლში. ჰქონდა წარმატებებიც, მაგრამ ტიტულებს ვეღარ შეწვდა.
ახლახანს, „ალფა რომეოს“ ლოგო „ფერარის“ ბოლიდებზე გამოჩნდა. მაგრამ მხოლოდ მარანელოელთა სპონსორის რანგში. ბოლოს მილანური კომპანია ფ1-ში 1988 წელს გამოჩნდა, როცა ძრავებით იტალიურ „ოსელას“ ამარაგებდა. მაგრამ „ოსელაც“ და მასთან ერთად „ალფა რომეოც“, პელოტონის უკანა ნაწილში იმყოფებოდნენ.
მარკიონე ამბობს, რომ ფ1-ში დაბრუნების შემთხვევაში, „ალფა რომეო“ „ფერარის“ B გუნდი იქნება.
ჩინეთის დიდი პრიზის დღეებში, იტალიურ ჟურნალ „აუტოსპრინტთან“ საუბრისას, მან განაცხადა, რომ ჯერ შესაბამისი ბიზნეს გეგმა შემუშავებული არ არის: „ფ1 საავტომობილო სამყაროს უმაღლესი ტექნოლოგიური მწვერვალია და „ალფა რომეოს“ მიზნების განხილვისას, ასეთი მომავალიც განიხილება. „ალფა რომეოს“ მითი, რბოლებთან ერთად დაიბადა. და ამიტომ, როგორღაც მას უნდა დაუბრუნდეს. როდის მოხდება ეს? მე ეს არ ვიცი“.
ფ1-ში დაბრუნება, კრიზისში მყოფი „ალფა რომეოს“ იმიჯზე დადებითად იმოქმედებს. ამ კომპანიის ყიდვა არცთუ დიდი ხნის წინათ, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს სურდა, მაგრამ „ფიატ-კრაისლერმა“, უფრო კონკრეტულად კი მისმა შეფმა მარკიონემ, მის გაყიდვაზე უარი თქვა. ამჟამად იტალიური ბრენდი ამერიკის ბაზარზე დაბრუნებას ცდილობს და ამ საქმეში, ფ1-ის მონაწილის იმიჯი ძალიან გამოადგება.
პადოკში არის ლაპარაკი იმაზე, რომ მარკიონე „ალფა რომეოს“ დასაბრუნებლად, „ზაუბერის“ შესყიდვას აპირებს. მაგრამ შვეიცარიული გუნდი ვალებშია ჩაფლული და ამის გამო, თავის თანამშრომლებს ხელფასებიც კი დაუგვიანა. მარკიონე კი ამბობს, რომ „ზაუბერს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოისყიდის, თუ მის ვალებს ვინმე სხვა გადაიბარებს...









