„ფერარიში“ დარწმუნებულები არიან, რომ „მერსედესთან“ მათი ჩამორჩენა მეათედ წამამდე შემცირდა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩინეთში ნიკო როსბერგმა იოლად მოიგო რბოლა. გერმანელმა პილოტმა ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო. თან კვალიფიკაციაში მეორე დრო „რედ ბულის“ დანიელ რიკიარდოს ჰქონდა და „ფერარის“ პილოტები მხოლოდ მეორე რიგში ადგილებს დასჯერდნენ.
ამის მიუხედავად, მარანელოელთა შეფი მაურიციო არივაბენე თვლის, რომ „ფერარი“ ჯერჯერობით ვერ ახერხებს თავისი ბოლიდის სრული პოტენციალის გამოვლენას, რადგან კვალიფიკაციაზე შეცდომები დაუშვა, რბოლის დასაწყისში კი მისი ორი მრბოლი ერთმანეთს შეეჯახა. ამის მიუხედავად, სებასტიან ფეტელმა მეორე ადგილის დაკავება შეძლო.
„კვალიფიკაციაზე ჩვენ პოულისთვის უნდა გვებრძლა. ჩვენი გათვლებით, „მერსედესზე“ წამის მეათედით უკან ვართ. ეს კი ის სხვაობაა, რომლის კომპენსირებაც პილოტებს შეუძლიათ. მაგრამ ეს ჯერ ვერ მოხერხდა. სებიც და კიმიც თავდაუზოგავად ირჯებიან. ისინი სულ მარანელოში არიან და თავიანთ ინჟინრებთან დდ დროს ატარებენ. კვალიფიკაციაზე შეცდომები გვქონდა. მაგრამ რბოლაში შესანიშნავად იასპარეზეს. სებმა პიტლეინზე ორ მეტოქეს გაასწრო და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოიფიქრა. მან დაგვანახა, რატომ იღებს კარლოს საინსზე მეტს“, - ამბობს არივაბენე.
სხვათა შორის, პირველ ორ რბოლაში, „ფერარის“ პილოტებს ტექნიკის გამძლეობასთან დაკავშირებული პრობლემებიც უშლიდა ხელს. ავსტრალიაში კიმი რაიკონენის მანქანაზე ტურბო კომპრესორი გამოვიდა მწყობრიდან, ბაჰრეინში კი სებასტიან ფეტელს ძრავი დაუზიანდა. არივაბენე ამბობს, რომ ეს პრობლემები ძრავისგან მაქსიმალური სიმძლავრის მიღების მცდელობამ გამოიწვია.
„მანქანა ძალიან კარგია. შარშან, როცა მასზე მუშაობას ვგეგმავდით, ორი არჩევანი გვქონდა: უპირატესობა მანქანის გამძლეობისთვის მიგვენიჭებინა, თუ შესაძლებლობებისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „მერსედესთან“ ჩამორჩენა შეგვემცირებინა. „მერსედესში“ ალბათ ყურადღება გამძლეობაზე გაამახვილეს, რადგან ისედაც კარგი მახასიათებლები აქვთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ვრისკავდით, როცა აქცენტი მანქანის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე გავაკეთეთ“, - დასძენს არივაბენე.
ავსტრალიასა და ბაჰრეინში გაწბილების შემდეგ, ჩინეთში მიღწეული შედეგებით არივაბენე კმაყოფილი დარჩა, რადგან ორივე პილოტმა შეძლო ფინიშამდე მიღწევა. და არცერთის მანქანას მექანიკური პრობლემები არ შექმნია. შანჰაიში მთავარი ტექნიკის საიმედობა იყო და ამ მხრივ, პრობლემა არ ყოფილა. მისი აზრით, ამ სეზონში „მერსედესი“ იმდენად ძლიერია, რომ ბოლო ათწლეულში მისი ბადალი არ არსებობს. ამიტომ, მის დასამარცხებლად, გარკვეული რისკებია საჭირო.
სოჭის რბოლისთვის, „ფერარი“ მცირე სიახლეებს ამზადებს. არივაბენეს თქმით, როცა გუნდი სრულიად ახალ მანქანას ამზადებს, საჭირო არაა მაშინვე რევოლუციური პაკეტის შემუშავება. პირიქით, მოდიფიკაციები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ინჟინრები თანდათან სწავლობენ მანქანის ხასიათს და პოულობენ რგოლებს, რომლების გაუმჯობესების შემთხვევაშიც, მანქანა უფრო სწრაფი და გამძლე გახდება. მისი თქმით, ნახტომებით წინსვლის მონდომების შემთხვევაში, ადვილია შეცდომების დაშვება. იგივე პრინციპით მიმდინარეობს ძალური დანადგარის სრულყოფის პროცესიც.







