ძიუდო

21:08 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტაბილური ლიპარტელიანის მესამე ევროტრიუმფი (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის სამგზის ჩემპიონია. 2012 და 2014 წლებში მოპოვებულ ოქროს მედლებს, მესამე ოქრო 27 წლის ძიუდოისტმა დღეს, რუსეთის ქალაქ ყაზანში მიამატა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ლიპარტელიანმა ოქროს გზაზე ხუთი მეტოქე ჩამოიცილა. საჩემპიონო აღმართს სლოვაკი მილან რანდლის ვაზარით ძლევით შეუყვა. სლოვენიელ მიხაელ ზგანკს უილეთო შეხვედრაში ერთი გაფრთხილების უპირატესობით აჯობა. უკრაინელი ქუეჯაუ ნჰაბალისა და პოლონელ პიოტრ კუჩერას ორ-ორი წუთი აკმარა. ფინალში კი უნგრელი კრისტიან ტოთი წუთსა და 53 წამში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად 400 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა (VIDEO). დღევანდელი ტრიუმფის გათვალისწინებით, ვარლამ ლიპარტელიანის ანგარიშზე უკვე ევროპირველობის 8 მედალია (3 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო). განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ისაა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, ლიპარტელიანს ერთი ჩემპიონატიც არ გამოუტოვებია, საპრიზო სამეულში რომ არ შესულიყო.

დღესვე, საქართველოს ნაკრებს მედალი ლევან მატიაშვილმაც (+100 კგ) მოუტანა. ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, თანამედროვე მსოფლიო ძიუდოს სუპერვარსკვლავთან – ფრანგ ტედი რინერთან წაგებით.

22 წლის ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს 8-გზის, ევროპის 4-გზის (ახლა უკვე 5-გზის) და ოლიმპიურ ჩემპიონს ბოლო სამ კვირაში მეორედ დაუპირისპირდა და სამსუნის გრან პრის მსგავსად, ყაზანურ ევროპირველობაზეც გვარიანი თავსატეხი გაუჩინა, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდა და ისევ მსაჯის საეჭვო გაფრთხილების გამო. ხუთი წუთის განმავლობაში რინერს ერთი ხეირიანი შესვლა არ განუხორციელებია, ვერც აქტიურობით აჯობა ჩვენებურს, მაგრამ ტატამის მსაჯმა ნხოლოდ ერთი შიდო აკმარა, მაშინ, როდესაც მატიაშვილი ორჯერ გააფრთხილა. მეორე გაფრთხილებამ ტრიბუნებზე მსხდომი ნეიტრალური მაყურებლებიც კი გააღიზიანა, მაგრამ საპროტესტო სტვენამ და ყიჟინამ ვერაფერი შეცვალა. ზედ საფინალო გონგისას კი, როდესაც ლევან მატიაშვილი ბედს შეეგუა და მოწინააღმდეგეს ზურგი აქცია, ამ უკანასკნელმა ისედაც მოგებული შეხვედრა თავისი ავტორიტეტისთვის ცოტა შეუფერებელი საქციელით – მუხთლურად შესრულებული სუფთა გდებით დაასრულა.

მატიაშვილი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც რინერის და მსაჯის ჯავრი უნგრელ ბარნა ბორზე იყარა და ბრინჯაოს მედალი და 160 სარეიტინგო ქულა მოიპოვა (VIDEO).

ამ ორ შეხვედრამდე, ლევან მატიაშვილმა ძირითად ბადეში ორი მეტოქე დაამარცხა: სერბი ზარკო კულუმი იუკოთი, ხოლო უკრაინელი ოლექსანდრ გორდიენკო – 3 წუთსა და 45 წამში, გაფრთხილებების ლიმიტის ამოწურვით.

მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების სახელით რუსულ ტატამზე ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილიც გავიდა. წილისყრამ ის და მატიაშვილი ერთ ქვეჯგუფში მოახვედრა. თანაგუნდელების სატურნირო გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში კვეთდა, მაგრამ ქართული მეოთხედფინალი არ გამოვიდა. ოქრუაშვილმა პირველსავე მეტოქესთან – ოლექსანდრ გორდიენკოსთან სუფთად წააგო და ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა.

დღესვე, ევროკონკურენციაში 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილიც ჩაერთო, მაგრამ ტატამზე მხოლოდ ორჯერ გავიდა. პირველ წრეში იტალიელ დომენიკო დი გუიდას ორ წუთში შესრულებული ორი ვაზარით სძლია, შემდეგ კი მომავალ ჩემპიონთან – ჰოლანდიელ ჰენკ ხროლთან ორწუთნახევარში თავად დავარდა ორჯერ ვაზარიზე.

ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზანური 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ლაშა შავდათუაშვილსა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილსა (81 კგ) და ესტერ სტამს (70 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

არაოფიციალურ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 45 ქვეყნის ნაკრებს შორის მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩა. მამაკაცთა შედეგებით კი ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ყაზანი

21-23 აპრილი

მამაკაცები

60 კგ

1 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)

2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)

3 ელიოს მანცი (იტალია)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

2 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)

3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)

3 ფაბიო ბასილე (იტალია)

73 კგ

1 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

81 კგ

1 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

2 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

3 რობინ პაჩეკი (შვედეთი)

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 კრისტიან ტოთი (უნგრეთი)

3 პიოტრ კუჩერა (პოლონეთი)

3 მარკუს ნიმანი (შვედეთი)

100 კგ

1 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)

2 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

3 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)

3 გრიგორი მინასკინი (ესტონეთი)

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)

2 ორ სასონი (ისრაელი)

3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 დანიელ ნატეა (რუმინეთი)

ქალები

48 კგ

1 შერლინ ვან სნიკი (ბელგია)

2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

3 დილარა ლოკმანეკიმი (თურქეთი)

3 მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი)

52 კგ

1 მაილინდა კელმენდი (კოსოვო)

2 პრისცილა ნეტო (საფრანგეთი)

3 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)

3 იულია რიჟოვა (რუსეთი)

57 კგ

1 ოტომნ პავია (საფრანგეთი)

2 იველინა ილიევა (ბულგარეთი)

3 ნორა გჟაკოვა (კოსოვო)

3 ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი)

63 კგ

1 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

2 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

3 ეკატერინა ვალკოვა (რუსეთი)

3 ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია)

70 კგ

1 ჯერვის ემანი (საფრანგეთი)

2 ესტერ სტამი (საქართველო)

3 სზაბინა გერშაკი (ჰოლანდია)

3 ფანი ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)

78 კგ

1 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)

2 გუუსი სტენჰუისი (ჰოლანდია)

3 ლუის მალზანი (გერმანია)

3 ნატალი პოუელი (ბრიტანეთი)

+78 კგ

1 კაირა საიტი (თურქეთი)

2 სვეტლანა იარომკა (უკრაინა)

3 ბელკიზ ზეჰრა კაია (თურქეთი)

3 ჟასმინ კუელბსი (გერმანია)

საერთო გუნდური ჩათვლა

V VII
1 საფრანგეთი 5 1 1 3 1
2 საქართველო 2 3 2 1 0
3 ჰოლანდია 1 1 2 2 4
4 აზერბაიჯანი 1 1 0 1 1
5 ბელგია 1 1 0 0 2
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089391