ავტოსპორტი

0:11 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიამ კვალიფიკაცია უბენზინოდ დაასრულა

პორტუგალიის ცნობილი ავტოდრომი ეშტორილი TCR-ის საერთაშორისო სერიის მეორე ეტაპს მასპინძლობს. ხვალ მორიგი ორი რბოლა გაიმართება, რომლებიც ბაჰრეინისგან განსხვავებით, 15 წრე გაგრძელდება. დღეს კი ორი კვალიფიკაცია ჩატარდა, რომლებზეც პირველი რბოლის სასტარტო განლაგება და მეორე რბოლის მოწინავე ათეულის მიღმა განლაგება გაირკვა.

დათა ქაჯაიამ პირველი სესია მე-11 ადგილზე დაასრულა, თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ პირველი ორი რბოლის გამარჯვებულ პეპე ორიოლას, წამზე ნაკლებით ჩამორჩა. პელოტონის საკვალიფიკაციო სიმჭიდროვეზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ პირველი 12 პილოტი წამიან სხვაობაშია.

დათამ კვლავ აჯობა თავის რუს თანაგუნდელ მიხაილ გრაჩოვს, ვინც TCR-ის საერთაშრისო სერიაში მეორე სეზონს ატარებს. მაგრამ სამწუხაროდ, „ფოლკსვაგენ გოლფით“ მოასპარეზე გუნდ „ლეოპარდს“ პილოტებს - მოქმედ ჩემპიონ სტეფანო კომინის და მის თანაგუნდელ (ლეოპარდ რეისინგში) ჟან-კარლ ვერნეის ჩამორჩა. უფრო მეტიც, ფრანგმა პირველი სესია მეორე შედეგით დაასრულა.

პირველი სესია ავარიით დაასრულა სერბმა დუშან ბორკოვიჩმა, ვინც სერიის ერთ-ერთი ფავორიტია. მისი მანქანა იმდენად დაზიანდა, რომ შესაძლოა, „B3 რეისინგის“ პილოტმა რბოლებში მონაწილეობაც ვერ მოახერხოს. სამაგიეროდ, მისი სლოვაკი თანაგუნდელი მატ’ო ჰომოლა, ვისაც გასულ სეზონში ქაჯაია შედარებით ნელი „ბეემვეთი“ სჯობნიდა, პირველ რბოლას პოულიდან დაიწყებს. მან მცირედთ აჯობა იტალიელ ჯანი მორბიდელის, ვერნეი კი ამჯერად მესამე შედეგს დასჯერდა.

რაც შეეხება დათას, მას არ გაუმართლა: მან ერთი სწრაფი წრის გავლა კი შეძლო, მაგრამ მეორეზე მყოფს, ბენზინი გამოელია (გუნდის პერსონალს საწვავის შევსება დაავიწყდა). და დრო, რომელიც პირველ სესიაზე მის მიერვე ნაჩვენებ შედეგზე უარესი იყო, ვეღარ გააუმჯობესა. საბოლოოდ, ქართველი პილოტი მე-12 ადგილს დასჯერდა. მართალია, „ლეოპარდ რეისინგის“ „გოლფები“ კარგ ფორმაში არიან, მაგრამ „ტიმ ენგსტლერის“ პერსონალი მანქანის ჭკუაზე მოყვანას კვლავ ვერ ახერხებს და მათ ამაში ვერც „ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლები შველიან. ისინი ამბობენ, რომ ტელემეტრია მანქანის გამართულ მუშაობას აჩვენებს, თუმცა ისიც ჩანს, რომ მისი პოტენციალის სრულად ათვისება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ხვალ პირველი რბოლა ჩვენი დროით 13:25-ზე დაიწყება, მეორე რბოლის სტარტი კი 19:05-ზეა დანიშნული.

TCR-ის საერთაშორისო სერია

მე-2 ეტაპი, ეშტორილი (პორტუგალია)

კვალიფიკაცია 1

  1. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 1'49.231
  2. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 1'49.424
  3. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 1'49.479
  4. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 1'49.508
  5. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 1'49.711
  6. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 1'49.773
  7. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 1'49.913
  8. კევინ გლისონი (აშშ, ჰონდა) 1'49.938
  9. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა) 1'50.000
  10. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია, სეატი) 1'50.008
  11. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 1'50.132
  12. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 1'50.165
  13. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ფოლკსვაგენი) 1'50.421
  14. ფრანცისკო მორა (პორტუგალია, სეატ კაპი) 1'50.653
  15. მიქაელა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო) 1'51.727
  16. ლუკა რანიოტი (იტალია, სუბარუ) 1'52.083

-----

პოულის 107%-იანი დრო - 1'56"877

17. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 4'07.881

კვალიფიკაცია 2

  1. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 1'48.518
  2. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 1'48.673
  3. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 1'48.860
  4. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 1'48.965
  5. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 1'49.012
  6. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა) 1'49.051
  7. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 1'49.085
  8. კევინ გლისონი (აშშ, ჰონდა) 1'49.173
  9. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 1'49.188
  10. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია, სეატი) 1'49.868
  11. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 1'50.176
  12. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 1'50.457

rim.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095187