ავტოსპორტი

1:52 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

„არტლაინ ჯორჯიას“ წარმატებული სტარტი მონცაზე

იტალიის მონცას ტრეკზე სტარტი აიღო „ლამბორგინის“ „ბლანპენის“ სუპერ ტროფეოს ევროპულმა სერიამ, რომელშიც შოთა აფხაზავას გუნდი „არტლაინ ჯორჯია“ მონაწილეობს. მისი პილოტები, თვითონ აფხაზავა და ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი, შესაბამისად, პროფესიონალ-მოყვარულთა (PRO-AM) და პროფესიონალთა (PRO) კლასებში ასპარეზობენ. ცნობისათვის, შლეგელმილხი „არტლაინის“ ფორმულა 3-ის წევრიცაა, მაგრამ ამ სეზონში აფხაზავას გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისგან თავის შეკავება ამჯობინა.

ქართული გუნდისთვის სეზონი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო: მეორე კვალიფიკაციაზე ლატვიელმა მრბოლმა პოულ პოზიცია მოიპოვა. პირველი რბოლა მანვე მესამე ადგილზე დაასრულა, მეორე კი - მეოთხეზე. აფხაზავამ კი, ვინც გასულ სეზონში, მოყვარულთა (AM) შორის ჩემპიონი გახდა, აბსოლუტურ ჩათვლაში შესაბამისად, მე-19 და მე-18 ადგილები დაიკავა, თავის კლასში კი - მე-8 და მე-10.

შლეგელმილხმა პირველი რბოლა მერვე პოზიციიდან დაიწყო და კარგა ხანს ათეულის მეორე ნაწილში ინარჩუნებდა ადგილს. შუა რბოლისას გაწვიმდა, რის გამოც, პილოტებმა შეცდომებს უხშირეს. თუმცა წვიმა უმნიშვნელო იყო და ტრასას ალაგ-ალაგ ასველებდა. ამიტომ, გუნდებმა პიტ სტოპებისას მანქანები ისევ სლიკებზე დატოვეს. ფინიშამდე (რბოლები 50 წუთს გრძელდება) შლეგელმილხმა რამდენიმე მეტოქეს გაასწრო, ბოლოს კი ვიტო პოსტილიონეს (ამან პირველი რბოლა პოულიდან დაიწყო) პრობლემითაც ისარგებლა და მესამეზე გადაინაცვლა. ეს ადგილი ლატვიელმა ფინიშამდე შეინარჩუნა. აფხაზავამ რბოლა 30-ე პოზიციიდან დაიწყო და მეცხრამეტეზე დაასრულა.

პირველი რბოლა სერიის დანიელმა ახალბედა დენის ლინდმა მოიგო. პოსტილიონე ლიდერი იყო, როცა მისი მანქანა მოულოდნელად გაჩერდა და მხოლოდ მას შემდეგ ამუშავდა, რაც მას რამდენიმე მეტოქემ გაასწრო. მეორე ადგილი ნიკოლა დე მარკოს (ვინც ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა რბოლებს) და ფაბრიციო დელ მონტეს ეკიპაჟმა დაიკავა.

მეორე რბოლის დასაწყისშივე, შლეგელმილხმა პოსტილიონეს შეტევა მოიგერია და სათავეში ჩაუდგა პელოტონს. ის პირველი 15 წუთის განმავლობაში ლიდერობდა და საკმაოდ დამაჯერებლადაც, მაგრამ მერე ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, რაც „პიტ სტოპების ფანჯრის“ გაღებას დაემთხვა, ამან კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა. არეულობით კარგად ისარგებლა ფრანგების, ნიკოლას არმინდოსა და ანრი ჰასიდის ეკიპაჟმა (პრო-ამ კლასი), რომელმაც რბოლა 22-ე პოზიციიდან დაიწყო და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ამჯერადაც მეორე ადგილი დაიკავა ნიკოლა დე მარკოს და ფაბრიციო დელ მონტეს ეკიპაჟმა (პრო კლასი), მესამეზე კი პრო-ამ კლასის კიდევ ერთი ეკიპაჟი გავიდა, რომლის საჭესაც იტალიელები, ანდრეა ფონტანა და ლორენცო ველია მართავდნენ. სხვათა შორის, ველია გასულ სეზონში, TCR-ის საერთაშორისო სერიაში, „ენგსტლერ რეისინგის“ „სეატ ლეონ კაპ რეისერით“ მონაწილეობდა, რომლის წევრიც ამ სეზონში დათა ქაჯაიაა.

შლეგელმილხი ამჯერად მეოთხე ადგილს დასჯერდა, არადა რბოლის მსვლელობისას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. აფხაზავა მეორე რბოლის სტარტზე 32-ე ადგილზე იდგა, ფინიშთან კი მე-18 მივიდა. საინტერესოა, რომ ორივე რბოლა მე-9 ადგილზე დაასრულა ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, იტალიელმა ნიკოლა ლარინიმ, ვინც სხვათა შორის, TCR-ის საერთაშორისო სერიის სეზონის დაწყებამდე, ვალენსიას ტესტებზე, ყველა ავტომობილის საბალასტო ტესტები ჩაატარა.

„ლამბორგინის“ „ბლანპენის“ სუპერ ტროფეოს ევროპული სერიის მეორე ეტაპს, 22-24 მაისს სილვერსტოუნი უმასპინძლებს.

rim.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102204