ლევან ჯობავა არის ახალგაზრდა ჟურნალისტი, მოყვარული მორაგბე და რაგბის დაუღალავი ენთუზიასტი. დიდი ხნის განმავლობაში ლევანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, თუ სოცმედიის საშუალებით ყოველთვის ცდილობდა ქართული რაგბის მხარდაჭერას და სარაგბო ფასეულობების „პროპაგანდას“.
„ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა ქართული რაგბის პოპულარიზაციისთვის უფრო მეტი და ამას ყოველთვის დაუღალავად გავაკეთებ. მიმაჩნია, რომ რაგბის ფასეულობები იმდენად ორგანულია ჩვენთვის, რომ ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. გაითავისონ, რომ რაგბი მართლაც ცხოვრების წესია და არ არის უბრალოდ ფრთიანი ფრაზა“ - განაცხადა ლევან ჯობავამ.
მალე ენთუზიაზმს ჯობავამ პროექტის სახე მისცა და 2015 წელს, თავის თანამოაზრეების, 20-წლამდე “ბორჯღალოსნების”, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო ლაივის მხარდაჭერით წამოიწყო ფილმების სერია “ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში”.
პროექტის ფარგლებში ლევანმა და მისმა თანამოაზრეებმა მოიარეს საქართველოს მთის სოფლები, სადაც ბავშვებთან ჩაჰქონდათ რაგბის ბურთები, კვართები, ელემენტარული ატრიბუტიკა, ესაუბრებოდნენ მათ რაგბის ანა-ბანისა და ფასეულობების შესახებ. ბოლოს ეს სარაგბო ექსპედიციები ფილმებად აქციეს.
პროექტს იმდენად დიდი გამოხმაურება მოყვა, რომ ავტორებმა გადაწყვიტეს მისი გაგრძელება და სახელიც გადაარქვეს – “რაგბი აქაურობას”. ამ სახით სარაგბო ექსპედიციებმა მასიური ხასიათი მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის და რაგბის კავშირის სოციალური პროექტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ლევან ჯობავა კვირაში ერთხელ საქართველოს სოფლებში დადის და რაგბით „წამლავს“ ადგილობრივ ბავშვებს.
პროექტი გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ლევანს, როგორც ეტყობა (საბედნიეროდ) გაჩერებას არ აპირებს.
www.rugby.ge







