ესპანეთის დიდი პრიზიდან მოყოლებული, რედ ბულში დანილ კვიატის ადგილს მაქს ფერსტაპენი დაიკავებს, რუსი პილოტი კი „ტორო როსოს“ დაუბრუნდება. „რედ ბულის“ ორ გუნდს შორის ამ გაცვლის მიზეზი, სოჭის რბოლის დროს მომხდარი ინციდენტია, რომლის სტარტზეც, კვიატმა ზედიზედ ორჯერ უკნიდან უბიძგა სებასტიან ფეტელს, რომელიც ამის გამო კედელს დაეჯახა და რბოლას გამოეთიშა.
კვიატმა შანჰაის რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა. იმ რბოლის დასაწყისშიც, მას კონტაქტი ჰქონდა ფეტელთან, ოღონდ მაშინ ინციდენტში ის დამნაშავე არ იყო. ამ რბოლაში დაკავებული მესამე ადგილი, მეორე კვარცხლბეკია რუსის ფ1-ის სამწლიან კარიერაში. რბოლის შემდგ, მომხდარით თავისი უკმაყოფილება გამოთქვა „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ. სწორედ მისი გადაწყვეტილებაა კვიატის „ტორო როსოში“ დაქვეითება და იქიდან ფერსტაპენის გადმოყვანა.
ამგვარად, თინეიჯერი ჰოლანდიელი, რომელსაც ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, სეზონის დარჩენილ რბოლებს „რედ ბულის“ ბოლიდით იასპარეზებს. „მაქსმა დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ახალგაზრდა ტალანტია. მისმა გამოსვლებმა „ტორო როსოში“ ყველა აღაფრთოვანა და სიამოვნებით მივცემთ „რედ ბულში“ ასპარეზობის საშუალებას“, - ამბობს ავსტრიული გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი. მისივე თქმით, კვიატი „ტორო როსოში“ დაბრუნდება, სადაც მას კარგად იცნობენ და ფორმაში დაბრუნებაში დაეხმრებიან.









