ავტოსპორტი

0:14 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ზაუბერი“ ბარსელონაში „ფერარის“ ახალი ძრავებით იასპარეზებს

შანსები იმისა, რომ „ზაუბერი“ ამ სეზონში თავის ნულოვან მონაგარს ქულებით შეავსებს, ესპანეთის დიდი პრიზიდან გაიზრდება - შვეიცარიული გუნდი „ფერარისგან“ ახალ, ამ სეზონის აგრეგატებს მიიღებს. მარანელოელებმა ეს აგრეგატი „ზაუბერის“ გარდა, „ჰაასსაც“ შესთავაზა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ამერიკული გუნდი ბარსელონაში მათ გამოყენებას არ აპირებს.

„ზაუბერში“ კი გადაწყვიტეს, რომ ახალი აგრეგატების გამოყენება დაუყოვნებლივ დაიწყონ. ეს გუნდი ფინანსური შესაძლებლობებით არ გამოირჩევა და მისთვის ახალი აგრეგატი სოლიდური წინსვლის მიმცემი იქნება. მითუმეტეს, აეროდინამიკაში გაუმჯობესებას ჯერ ვერ ახერხებს. „ზაუბერის“ გარდა, ამ სეზონში უქულოდ ჯერჯერობით მხოლოდ „მენორია“. პირველი სამი ეტაპის შემდეგ, „რენოსაც“ კონსტრუქტორთა თასზე ნულები ეწერა, თუმცა პირველი ქულები კევინ მაგნუსენმა ახლახანს, სოჭის რბოლაში დაკავებული მე-7 ადგილით მოუპოვა.

შვეიცარიულმა გუნდმა ასევე გამოაცხადა, რომ გამოტოვებს პირველ შიდასეზონურ ტესტებს, რომლებიც ესპანეთის დიდი პრიზის შემდეგ, ბარსელონაშივე ჩატარდება. ამასთან, მანქანის სრულყოფის ასეთ მნიშვნელოვან საშუალებაზე უარის თქმის მიზეზი არ გაუმხელია.

რაც შეეხება „ფერარის“ ძრავების კიდევ ერთ მომხმრებელ „ტორო როსოს“, ის სეზონის ბოლომდე, კვლავ გასული სეზონის სპეციფიკაციის მქონე ძრავების გამოყენებას გააგრძელებს, როგორც ეს „ფერარისთან“ არსებულ კონტრაქტშია მითითებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090324