ავტოსპორტი

22:03 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ფერსტაპენი - ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული

ესპანეთის წლევანდელ დიდ პრიზზე გამარჯვებით, მაქს ფერსტაპენმა ფორმულა 1-ის მწვერვალებისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა. 18 წლის ასაკში, ის ფორმულა 1-ის ისტორიაში, რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. ასე აღნიშნა „რედ ბულში“ თავისი სადებიუტო რბოლა. მართალია, მისი ეს გამარჯვება, პირველივე წრეზე „მერსედესის“ პილოტების ავარიამ დიდწილად განაპირობა, მაგრამ ეს მის მიღწევას სრულებითაც არ აკნინებს - ჰოლანდიელმა თინეიჯერმა, მთელი რბოლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ბოლო წრეებზე კი კიმი რაიკონენის შეტევებსაც იოლად გაუძლო.

ყველაფერთან ერთად, ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტია, ვინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. და ის პირველი ჰოლანდიელია, ვინც დიდი პრიზის რბოლის გამარჯვებული გახდა. მისმა ამაყმა მამამ, იოს ფერსტაპენმა, ვინც „ბენეტონის“ ბოლიდით, 1994 წელს ორჯერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა და თავისი კარიერის მიწურულს, კიმი რაიკონენის წინააღმდეგაც უასპარეზია, ნარბოლევს განაცხადა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დღეა.

ფერსტაპენმა უკან ჩამოიტოვა რაიკონენი და სებასტიან ფეტელი, ვინც მანამდე, ფ1-ის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული იყო. 2008 წელს, როცა 21 წლის იყო, ფეტელმა „ტორო როსოს“ ავტომობილით, იტალიის დიდი პრიზი მოიგო, შემდეგ კი „რედ ბულში“ გადავიდა და ზედიზედ ოთხჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ფეტელს მესამე ადგილისთვის მძიმე ბრძოლა გადახდა დანიელ რიკიარდოსთან, რომელსაც სამწუხაროდ, ბოლოსწინა წრეზე უკანა მარცხენა საბურავმა უმტყუნა.

რაც შეეხება „მერსედესის“ პილოტებს, მათ სტარტი წინა რიგიდან აიღეს. პოულის მფლობელმა ლუის ჰამილტონმა პირველ მოსახვევამდე სცადა ნიკო როსბერგის შეკავება, მაგრამ გერმანელმა გარე რადიუსით შეძლო გასწრება და დაწინაურდა. ჩემპიონმა მაშინვე სცადა ლიდრის პოზიციის დაბრუნება და მესამე მოსახვევის შემდეგ, შეტევა სცადა. მაგრამ მარჯვენა ბორბლებით ბალახზე გადავიდა, რამაც მოაცურა. უკონტროლო მანქანა კი როსბერგისას დაეჯახა. საბოლოოდ, ორივე „მერსედესი“ მეოთხე მოსახვევის უსაფრთხოების ზოლში, დამტვრეული ჩარჩა.

რბოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა „მერსედესის“ მოტორ ჰოუმში დიდი შეხვედრა გაიმართა. მასში პილოტების გარდა, გუნდის ხელმძღვანელობაც მონაწილეობდა. მათი მთავარი მიზან, რა თქმა უნდა, პილოტების დაშოშმინება იყო. სტუარდებმა კი მომხდარი სარბოლო ინციდენტად ჩათვალეს (ასეც იყო). ამგვარად, როსბერგმა თავისი დიდი უპირატესობა შეინარჩუნა. ოღონდ, ამჯერად 39 ქულას რაიკონენს უგებს, რომელმაც მეორეზე გადაინაცვლა. მისდა სამწუხაროდ, სეზონის პირველი ხუთი რბოლის მოგება და ამ მიღწევით, ნაიჯელ მენსელის და მიხაელ შუმახერის გატოლება ვერ შეძლო.

დავუბრუნდეთ დღის და შესაძლოა, სეზონის გმირს. ფერსტაპენს შარშანდლამდე, საერთო სარგებლობის გზებზე მართვის ლიცენზიაც კი არ ჰქონდა. ამის გამო, ბევრი თვლიდა, რომ „ტორო როსოს“ მიერ ასეთი პილოტის აყვანა მეტისმეტად რისკიანი ნაბიჯი იყო. მაგრამ თინეიჯერმა პირველივე რბოლებიდან გააჩუმა სკეპტიკოსები. ბევრი ელოდა, რომ ამ სეზონში „რედ ბული“ თავის აღმოჩენილ ტალანტს თავისთან გამოიძახებდა, მაგრამ ხარებმა დანილ კვიატს კიდევ ერთი შანსი მისცეს. მაგრამ სოჭის რბოლაში ამ შანსს ყავლი გაუვიდა, რასაც ხელი თავად რუსის მიერ ინიცირებულმა ზედიზედ ორმა ავარიამ შეუწყო...

„კვარცხლბეკს ვუმიზნებდი, მაგრამ პირდაპირ გამარჯვება, რაღაც განსაკუთრებული რამაა“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც კვალიფიკაციაზე მეოთხე დროს დასჯერდა და „მერსედესების“ გარდა, მხოლოდ წინ მხოლოდ თანაგუნდელი რიკიარდო „გაუშვა“. რბოლის ბედ მაში გადაწყდა, როცა რიკიარდომ და ფეტელმა დამატებითი პიტ სტოპები შეასრულეს და რბილი საბურავები დააყენეს. აქედან მოყოლებული, ლიდერობა ფერსტაპენმა იგდო ხელთ, რომელსაც 38-ე წრეზე, რაიკონენი DRS-ის ზონაში წარმოეწია. აქედან მოყოლებული, თინეიჯერმა ჰოლანდიელმა 28 წრე ისე გაიარა, მდევრისგან მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ერთხელაც არ შემცდარა!

ესპანეთის დიდი პრიზი

ბარსელონა, კატალუნია მონტმელო. დისტანცია 307.104 კმ (66 წრე, 4.655 კმ)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:41:40.017
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) +00:00.616
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:05.581
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:43.950
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:45.271
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:01.395
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:19.538
  8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:20.707
  9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  10. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  12. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  13. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  16. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
  17. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1 წრე

გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 8 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 21 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 46 წრე

გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 66 წრე

გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 66 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: დანილ კვიატი,1:26.948, 53-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 100 ქულა; 2. კიმი რაიკონენი - 61; 3. ლუის ჰამილტონი - 57; 4. სებასტიან ფეტელი - 48; 5. დანიელ რიკიარდო - 48; 6. მაქს ფერსტაპენი - 38; 7. ფელიპე მასა - 36; 8. ვალტერი ბოტასი - 29; 9. დანილ კვიატი - 22; 10. რომენ გროჟანი - 22; 11. კარლოს საინსი - 12; 12. ფერნანდო ალონსო - 8; 13. სერხიო პერესი - 8; 14. კევინ მაგნუსენი - 6; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 16. ჯენსონ ბატონი - 3; 17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) – 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 157 ქულა; 2. ფერარი - 109; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 94; 4. უილიამს-მერსედესი - 65; 5. ტორო როსო-ფერარი - 26; 6. ჰაას-ფერარი - 22; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 14; 8. მაკლარენ-ჰონდა - 12; 9. რენო - 6; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. მენორ-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093139