საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთთან ამხანაგური მატჩი 1:3 წააგო (VIDEO). სამწუხაროდ, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილების თამაშის ხარისხიც უკეთესის სურვილს ტოვებდა. ქართველები მხოლოდ დრო და დრო ახორციელებდნენ კარგ შეტევებს, სლოვაკებმა კი გაცილებით მწყობრად და შეთამაშებულად იმოქმედეს. ისიც სათქმელია, რომ სლოვაკებს აკლდათ წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა, რომლებსაც მათი მწვრთნელი იან კოზაკი, ალბათ, გერმანიასთან ამხანაგურისთვის ამზადებს.
ვაისმა ჯაბა კანკავას არყოფნაში ნიკა კვეკვესკირი და სანდრო კობახიძე დააყენა საყრდენებად, წინ კი ასეთი შემტევი ოთხეული იყო: თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, დებიუტანტი ვახტანგ ჭანტურიშვილი და ლევან მჭედლიძე. წინასწარ ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში ქართველებს შეტევაში საერთოდ არაფერი გამოსდიოდათ, ოქრიაშვილის დარტყმულის (კუთხური მოჰყვა) გარდა, საინტერესო არაფერი შექმნილა.
სლოვაკები მალევე დაწინაურდნენ, როცა ბეროს პასის შემდეგ ადამ ნემეცმა ახლოდან შესძლო ტექნიკურად დარტყმა. დაცვის ცენტრში გაიარა ბურთმა და ვერც გიორგი ნავალოვსკიმ მოახერხა ვარდნაში ბურთის ართმევა.
მაინცდამაინც არც სლოვაკები იკლავდნენ თავს შეტევებით, მაგრამ ცენტრში უპირატესობას მაინც ფლობდნენ. ქართველები ძალიან ნელა მოქმედებდნენ, ასეთი ტემპით რაიმე ღირებულს ვერ შექმნიდნენ და აკი, ვერც შექმნეს.
შესვენებისას ვაისმა სამი ფეხბურთელი შეცვალა და მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი ისეთი იყო, იმედი მოგვეცა, რომ გავათანაბრებდით. აქტიურად შევიდნენ გიორგი ქვილითაია და ლევან ყენია, ხოლო კაშიამ ნახევარდაცვაში გადაინაცვლა და ამისულაშვილი დადგა მის ნაცვლად, ცენტრალურ მცველად.
50-ე წუთზე პირველად დავარტყით კარში: ეს ნიკა კვეკვესკირმა მოახერხა და მეკარე იან მუხა დაეუფლა ბურთს. ქვილითაიას დარტყმულს გადაეფარნენ, მერე ყენიამაც გაამწვავა შეტევა და აი, ამ დროს აქეთ გავუშვით გოლი: მარცხნიდან ჩაწოდება, ნემეცმა ამისულაშვილს აჯობა და თავით 2:0 გახადა ანგარიში.
მალევე, კონტრშეტევისას ოქრიაშვილმა დაარტყა და მეკარემ მოიგერია, შეტევა გაგრძელდა და ქვილითაიამ ახლოდან ააცილა. 71-ე წუთზე ზრელაკმა გაიტანა და 3:0. საჯარიმო დაინიშნა, ზრელაკის დარტყმული (ჩაწოდებას რომ უფრო ჰგავდა) კი ისე გავიდა კარში, რომ არავის შეხებია.
ისე, თამაშიდან გამომდინარე, 3:0 მართლაც ზედმეტი იყო და ერთ წუთში ლევან ყენიამ ლამაზი, ინდივიდუალური გოლი მიითვალა. ორი კაცი მოატყუა და დაახლოებით 25 მეტრიდან დაბალი ძლიერი დარტყმით შეამცირა სხვაობა. ეს ყენიას მეოთხე სანაკრებო გოლია და ალბათ, საუკეთესოც კი, თუმცა საწყენია, რომ მაინც დავმარცხდით.
ბოლო წუთებში კიდევ იყო მცდელობები ქართველთაგან, ისევ აქტიურობდა ქვილითაია, რომელიც თბილისის “დინამოს” კიდევ ორი ფეხბურთელის მსგავსად (ჭანტურიშვილი, ჯაბა ჯიღაური), პირველ მატჩს ატარებდა ეროვნულ ნაკრებში. ლაშა დვალის თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა, კიდევ ორჯერ არეულობა შეიქმნა სლოვაკთა ართან, თუმცა ერთხელ რევიშვილის კარიც გადარჩა: შესტაკის ვარდნაში დარტყმული ოდნავ ასცდა.
იმედია, მომდევნო თამაშები უკეთესი იქნება. შედეგზე არაფერს ვამბობთ და ხარისხიც, მხოლოდ მცირე მონაკვეთებში იყო დამაკმაყოფილებელი, ფეხბურთი კი 90 წუთს გრძელდება.
27 მაისი. 19:30. ავსტრია, ველსი, “ასკო-შტადიონი”
სლოვაკეთი – საქართველო 3:1 (1:0)
სლოვაკეთი: მუხა (ნოვოტა 62), დიომბერი, სალატა, შკრინიარი, ტესაკი, პეჩოვსკი, გრეგუში (სვენტო 87), ბერო (ჰროშოვსკი 79), საბო (შესტაკი 66), ზრელაკი, ნემეცი (დიურიში 70)
მწვრთნელი: იან კოზაკი
საქართველო: რევიშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი (დვალი 64), კვეკვესკირი, კობახიძე (ამისულაშვილი 46), ჭანტურიშვილი (ყენია 46), ყაზაიშვილი (ჯიღაური 79), ოქრიაშვილი, მჭედლიძე (ქვილითაია 46)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გოლები: 1:0, 2:0 ნემეტი (5, 57), 3:0 ზრელაკი (71), 3:1 ყენია (72)









