დღეს “დინამოს” აკადემიაში გაიხსნა ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი 2000 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის. შეგახსენებთ, ტურნირი რვაგუნდიანია და საერთაშორისო სახე აქვს, რადგან 5 უცხოური გუნდი მონაწილეობს: “ალკმაარი” (ჰოლანდია), “ბეშიქთაში” (თურქეთი), “ტრაბზონსფორი” (თურქეთი), “შერიფი” (მოლდოვა), “ლეხია” (გდანსკი, პოლონეთი). და სამი ქართული კლუბიც: “დინამო”, “დინამო-2” და “ლოკომოტივი”.
ამ ტურნირის სარგებლიანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ქართველ ჭაბუკებს ძალიან აკლიათ საერთაშორისო გამოცდილება. “დინამომ” და კერძოდ, მისმა პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მართლაც კარგი საქმე გააკეთა ამ ტურნირის ორგანიზებით.
გახსნა
ტურნირის გახსნის ცერემონიალზე რვავე მონაწილე გუნდი მინდორზე გამწკრივდა. რომან ფიფიამ, “დინამოს” და საბჭოეთის ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ, ტურნირის მედია-ორგანიზატორმა ლევან სალუქვაძემ და ცნობილმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა ისაუბრეს. გაიხსენეს ვიტალი დარასელიას ღვაწლი ქართულ ფეხბურთში და ის ლეგენდარული გოლი, რომელმაც მთელი ქვეყანა აღტაცებაში მოიყვანა: 1981 წლის 13 მაისს, თასების თასის ფინალში ბოლო წუთებზე გატანილი.
აკადემიაში “დინამოს” სხვა ვეტერან ფეხბურთელებიც იყვნენ. გახსნაც კარგი იყო და ორგანიზატორული მხარეც საკმაოდ მაღალ დონეზეა.
გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ დარასელიას ოჯახის წევრები, მათ შორის, ვიტალი დარასელია-უმცროსი, რომელიც ასევე თბილისის “დინამოში” თამაშობდა და გუნდის ლიდერიც გახლდათ. სხვათა შორის, ტურნირის გახსნის მატჩში პირველი დარტყმა დიდი ვიტალი დარასელიას შვილიშვილმა შეასრულა.
A ჯგუფში “დინამო” გალიდერდა
“დინამო” – “შერიფი” 3:1
გოლები: 1:0 ჩაკვეტაძე, 2:0 კუცია, 2:1 კოშკოდანი, 3:1 დავითაშვილი
“ალკმაარი” – “ბეშიქთაში” 0:0
დინამოელებმა (მწვრთნელი – ვლადიმერ გოჩაშვილი) აშკარად აჯობეს მოლდოველებს, რომლებიც ცოტა უხეშობითაც გამოირჩნენ. გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით გახსნა ანგარიში და ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ნახევარში გიორგი კუციამ ტექნიკურად და რბილად შეასრულა, რასაც მოლდოველთა ლამაზად გათამაშებული კომბინაციით გატანილი ბურთი მოჰყვა. 2:1 და ცოტა დაიძაბა სიტუაცია, თუმცა ბოლოს დინამოელთა შემტევმა ნახევარმცველმა ზურაბ დავითაშვილმა გოლით ყველაფერი დაასრულა.
როგორც იცით, ტურნირზე 1999 წელს დაბადებული 5 ფეხბურთელის დამატებაც შეიძლება, ოღონდ მინდორზე ერთდროულად სამს შეუძლია თამაში. ჩაკვეტაძეც და კუციაც ერთი წლით უფროსები არიან, ხოლო დავითაშვილი სულაც 2001 წელსაა დაბადებული.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ჰოლანდიურმა “ალკმაარმა” და თურქულმა “ბეშიქთაშმა” 0:0 ითამაშეს.
B ჯგუფი: “ლოკომოტივმა” “ტრაბზონსფორი” მშრალზე დატოვა
”ლოკომოტივი” - ”ტრაბზონსფორი” 2:0
გოლები: 1:0 ძებნიაური, 2:0 გრძელიძე
“ლეხია” – “დინამო 2” 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია, 1:1 კაჩინსკი
ეს ჯგუფი “ლოკომოტივი”-“ტრაბზონსფორის” მატჩით გაიხსნა და ქართველებმა მართლაც ძლიერ გუნდს მოუგეს. საწყისი წუთები თურქების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ “ლოკომოტივის” (მწვრთნელები – ლაშა გაფრინდაშვილი, აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიორგი მინაშვილი) ჭაბუკებმა სასწაულად იბრძოლეს და 2:0 იმარჯვეს. პირველ ტაიმში მცველმა თორნიკე ძებნიაურმა მარჯვნიდან ჩაწოდებილი ბურთი ახლოდან კარში გადაგზავნა. მალევე, თურქებმა პენალტის უფლება მოიპოვეს, მაგრამ აჰმედ ჰაკანის დარტყმული მეკარე ლაშა გურგენიძემ მოიგერია.
მეორე ნახევარში კი თემურ გაბუნიას კარგ გარღვევასა და პასს ლევან გრძელიძის ახლოდან გატანილი მოჰყვა – 2:0.
ცნობისთვის, “ტრაბზონსფორის” ამ ასაკის გუნდმა თურქეთის ჩემპიონატში, თავის ზონაში 24-დან 24-ივე მატჩი მოიგო, 129 გოლი გაიტანა და 11 გაუშვა. ჰყავთ თურქეთის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები.
ჯგუფის მეორე შეხევდრაში “დინამო 2” ბოლო წუთებამდე უგებდა გდანსკის “ლეხიას”, ხვიცა კვარაცხელიას გოლით, თუმცა პოლონელებმა მაინც გაათანაბრეს. “ლეხია” ტანმაღალი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით უჭირთ.
ასე რომ, თბილისის “დინამო” და თბილისის “ლოკომოტივი” თავიანთ ჯგუფებში გალიდერდნენ.
დღეს მეორე ტურია: 15:30 (აკადემია): ლეხია-ლოკომოტივი, 17:30 (აკადემია): ალკმაარი-შერიფი, 17:30 (დინამოს ბაზა): ტრაბზონსფორი-დინამო 2, 19:30 (აკადემია): ბეშიქთაში - დინამო









