დანიელ რიკიარდომ მონაკოს დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და თავის კარიერაში პირველად დადგება სასტარტო რიგის პოულ პოზიციაზე. ამასთან, რედ ბულმა 2013 წლის ბრაზილიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ (მაშინ პოულზე სებასტიან ფეტელი დადგა) საკვალიფიკაცია რბოლა პირველად მოიგო. ავსტრალიელის შედეგია წუთი და 13.622 წამი. 2012 წლიდან მოყოლებული, „მერსედესმა“ პირველად ვერ შეძლო მონაკოს კვალიფიკაციის მოგება. 2012 წელსაც პოულზე „რედ ბულის“ პილოტი, რიკიარდოს თანამემამულე მარკ ვებერი დადგა.
რიკიარდომ უკან მოიტოვა „მერსედესის“ ორივე პილოტი. ამასთან, მეორე შედეგი ნიკო როსბერგმა აჩვენ, ლუის ჰამილტონი კი მესამეს დასჯერდა, ვისაც გადამწყვეტ წრეზე, პირველ ორ სექტორზე საუკეთესო დრო ჰქონდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. სხვათა შორის, იყო იმის შანსი, რომ რბოლის დასკვნით, მესამე ნაწილში, საერთოდ ვერ დაეფიქსირებინა სწრაფი წრე - ჯერ პიტლეინდან გამოსვლამ გაჩერდა. ბედად, პიტლეინის ბოლო, თეთრი ზოლი არ გადაუკვეთავს, რისი წყალობითაც, მექანიკოსებმა ხელით მიაგორეს გუნდის ბოქსამდე და პრობლემაც (საწვავის მიწოდების სისტემაში წნევა დაეცა) სწრაფად აღმოფხვრეს.
რიკიარდო მონაკოში „რენოს“ მიერ განახლებული ძრავით ასპარეზობს, რაც მის შედეგზე პირდაპირ აისახა. „რედ ბული“ ისედაც იმედოვნებდა, რომ მონაკოს ქუჩებში გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდა, ახლა კი მის განკარგულებაში უფრო მძლავრი ძრავია, რამაც შესაძლოა, სეზონის დარჩენილ ეტაპებზე, „მერსედესის“ რეალურ კონკურენტად აქციოს.
„აქ რომ მოვდიოდი ვიცოდი, რომ ბრძოლის შანსი გვქონდა. აქამდეც კარგი რბოლები მქონდა, მაგრამ მაქსიმალური სარგებელი არ მიმიღია. ჰოდა, აქ მაქსიმალური თავდაჯერებით ჩამოვედი. ვიცოდი, რომ ამ პოზიციაზე ყოფნა შემეძლო“, - ამბობს რიკიარდ, რომელმაც 2014 წლის სეზონში, წინ რიგიდან რბოლა სამჯერ დაიწყო და ამდენივე მოიგო. თუმცა პოულზე აქამდე არ მდგარა.
ავსტრალიელისგან განსხვავებით, არ გაუმართლა მის ახალ თანაგუნდელ მაქს ფერსტაპენს, რომელსაც კვალიფიკაციის პირველსავე ნაწილში მოუვიდა ავარია. ჰოლანდიელი თინეიჯერი, რომელმაც წინა ეტაპ ბარსელონაში მოიგო, მარჯვენა წინა ბორბლით დამცავ ზღუდეს შეეხო, რამაც ამავე ბორბლის საკიდარი გაუტეხა და ამის შემდომ მოსახვევში ვეღარ შევიდა, რის გამოც, ზღუდეს დაეჯახა. ბედად, ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ტრავმას გადაურჩა. „ზედმეტად ადრე მოვუხვიე და ზღუდესთან შეხებისას, საკიდარი გავტეხე. ამის გამო, მომდევნო მოსახვევში ვეღარ მოვუხვიე“, - ყვება „რედ ბულის“ ახალწვეული.
მონაკოს დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:13.622
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:13.791
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:13.942
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:14.552
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:14.726
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:14.732
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:14.749
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:14.902
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:15.273
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:15.363
- - - - - - - - - -
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:15.273
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:15.293
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.352
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:15.385
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:15.571
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:16.058
- - - - - - - - - - - მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:16.299
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:16.586
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:17.295
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:17.452
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:22.467
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) დროის გარეშე







