გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი თემა იყო გარდამავალი ჩემპიონატის ჩატარების შესაძლო სისტემის განხილვა.
ქვემოთ მოყვანილი კომენტარებიდან ნათლად ჩანს, რომ თოთხმეტივე კლუბის აბსოლუტური უმრავლესობისთვის სიახლე მისაღებია...
ბერიკა შუკაკიძე (ჩიხურა): "ამ სისტემაში მიუღებელი ვერაფერი ვნახე. აქ მოწონება-არმოწონებაზე არაა საქმე, სხვაგვარად ვერც ჩატარდებოდა მოკლე ჩემპიონატი. ეს სისტემა იყო ერთადერთი გამოსავალი და ყველანი უნდა მოვერგოთ. მით უმეტეს, მიუღებელი არაფერია, ყველა გუნდი ხომ ერთნაირ პირობებში იქნება?!"
მიხეილ ხუციშვილი (თბილისის დინამო): "ჯერ პროექტი გაგვაცნეს, კლუბების აზრიც მოისმინეს და ალბათ აღმასკომზე დამტკიცდება. ვფიქრობ, პროექტი ნორმალურია. ჩვენ უფრო სხვა რამეზე გვქონდა აქცენტი გაკეთებული: მოიხსნას აუცილებლობა 21-წლამდელების თამაშზე და ასევე გადაიხედოს სამზე მეტი ლეგიონერის რეგისტრაციის საკითხი".
გელა ინალიშვილი (ზუგდიდი): "კარგი იქნებოდა, რომ ყველა ყველას შეხვედროდა ორ წრედ, მაგრამ ვერ ესწრება. ასე რომ, ჯამში მაინც მისაღები ვარიანტია ჯგუფებად დაყოფა. ისეთი დაძაბულობა გველის, რომ თითო ქულასაც დიდი მნიშვნელობა ექნება".
გია ომანაძე (სამტრედია): "გათამაშების შემოთავაზებული სისტემა აბსოლუტურად მისაღებია, ისე კი, ჟურნალისტებისთვის ღია არ ყოფილა შეხვედრა და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ".
გიორგი ტუღუში (დილა): "ძალიან საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა ფედერაციამ. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. რომ გვქონოდა განსხვავებული აზრი, იქვე დავაფიქსირებდით".
მალხაზ მახარაძე (ბათუმის დინამო): "ვფიქრობ, კარგი სისტემაა. 26 ტურის გამართვა ვერანაირად ვერ ესწრებოდა, თორემ ორ წრედ ყველა ყველას შეხვედროდა, ეს სჯობდა. რაც არსებული სიტუაცია იყო, ყველაზე მისაღები და საინტერესო ჯგუფებად დაყოფაა".
გიორგი ყიფიანი (ლოკომოტივი): "რადგან გარდამავალი ჩემპიონატი ტარდება, 26 ტური და სათასო შეხვედრები ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა. ამასთან, სანაკრებო პაუზებიც იქნება და დრო მართლაც მცირე რჩებოდა. ამიტომაც, აღნიშნული სისტემა მისასალმებელია. ეს ნოვაციაა, მაგრამ საინტერესო. რა შედეგს გამოიღებს, გამოჩნდება, მაგრამ აღნიშნულ სიტუაციაში, ანუ მოკლე დროში სხვაგვარად ჩატარება ვერ მოხერხდებოდა. ლეგიონერების საკითხი, ვფიქრობ, უფრო ფედერაციის მხარდაჭერაა კლუბების მიმართ, თორემ საქართველო არაა ის ქვეყანა, რომლის კლუბებიც ლეგიონერების სიმრავლეზე გააკეთებენ აქცენტს. თავის დროზე, როცა შემოიღეს წესი 21-წლამდელების თამაშის აუცილებლობაზე, მივესალმებოდი, რადგან ვფიქრობ, აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალ თაობაზე, თუმცა რადგან ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დუბლების ნაცვლად 19-წლამდელების ჩემპიონატი ჩაატაროს, უკვე ნაკლებად აქტუალურია 21-წლამდელების თამაშის აუცილებელი წესი უმაღლეს ლიგაში".
დავით ცაბაძე (ცხინვალი): "იქიდან გამომდინარე, რომ აგვისტოდან წლის ბოლომდე სამჯერ არის სანაკრებო პაუზა და ჯამში ეს პაუზა თვენახევარი გამოდის, 26 ტური და პლუს თასის გათამაშება ვერ ესწრებოდა. სრული 5 თვე რომ იყოს, მაშინ მოესწრებოდა. ფინანსური თვალსაზრისითაც ეს სისტემა სჯობს. ამიტომაც, რაც შემოგვთავაზა ფედერაციამ, მისაღები და ერთადერთი გამოსავალია. ჩემი აზრით, საინტერესო პროექტია".
კახა კაშია (საბურთალო): "ვფიქრობ, ყველაზე მისაღები სისტემაა ყველა შესაძლებელს შორის. იყო საუბარი, რომ ორ წრედ ჩატარებულიყო ჩემპიონატი და ყველა ყველას შეხვედროდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ესწრებოდა 26 ტური. კარგი ისაა, რომ ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილზე გასულსაც ექნება ლიგაში დარჩენის შანსი და ასევე, ჯგუფში მესამეადგილოსანსაც ფლეი ოფით შეუძლია ევროტურნირებზე გამსვლელი ადგილის დაკავება".
ლადო ბურდული (სიონი): "მოგვწონს თუ არა, უნდა დავეთანხმოთ. მერჩივნა, 26 ტური ყოფილიყო. 12 ტური ძალიან ცოტაა და წარმოიდგინეთ, ერთი ფეხის დაცდენის უფლება არ გაქვს. ერთი, თუნდაც უნებლიე შეცდომა და ძნელია გამოსწორება. დაგიცდება ფეხი და შეიძლება გავარდე, ამიტომაც მეტია მოულოდნელობის ალბათობა. მაგალითს მოგიყვანთ: ორი-სამი წლის წინ "სიონს" საწყისი 7 ტურის შემდეგ 9 ქულა ჰქონდა და ბოლოსწინა ადგილზე იყო, შემდეგ კი ამოვქაჩეთ და მესამე ადგილზე გავედით. ახლა ისე გამოვა, რომ სტარტი მცირედით თუ ჩააგდე, მორჩა. მესმის, რომ დრო ცოტაა, მაგრამ 26 ტური და პლუს თასის 4 მატჩი მოესწრებოდა. 30 მატჩი გამოდის, ხომ ასეა? ევროპაში როგორ არის, სეზონში 70 თამაშზე რომ ადიან? ფეხბურთელებსაც რომ ვკითხე აზრი, მათაც ურჩევნიათ მეტი თამაში ჰქონდეთ. მეტი თამაში სჯობს მეტ ვარჯიშს. ამასთან, კენჭისყრით შედგება ორი ჯგუფი. ზოგისთვის უხერხული მეტოქეა ესა თუ ის გუნდი, ზოგისთვის – არა. ჩემი აზრია და არავის არ ვახვევ თავზე: ორ წრედ სჯობდა ყველა ყველასთან".
ავთანდილ წიკლაური (შუქურა): "ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფედერაციამ წარმოგვიდგინა საკუთარი ვარიანტი, ჩვენი აზრებიც მოისმინა და ვფიქრობ, ის ფორმატი, რომლის გატანასაც აღმასკომზე აპირებენ, სრულიად მისაღებია და ვუჭერთ მხარს"
თენგიზ კიკვაძე (გურია): "ჩემი აზრით, კლუბებისთვის მიუღებელი არაფერი ყოფილა. ყველაფერი გასაგებად მოგვაწოდეს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვქონია".
ზურაბ ჩაკვეტაძე (ტორპედო): "კარგი ფორმატია. ფედერაციამ ნაყოფიერად იმუშავა და ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი შეიმუშავა. კარგია, რომ ბოლო ტურამდე მოდუნების საშუალება არავის ექნება, რადგან გავარდნის საშიშროება ერთდროულად რამდენიმე კლუბს დაემუქრება. ეს დაძაბულობას გაზრდის და ვფიქრობ, საინტერესო ჩემპიონატი გველოდება".
თემურ ბარქაია (კოლხეთი): "ფედერაციამ კარგად დაგვისაბუთა, რატომ არის მის მიერ შემოთავაზებული ფორმატი ამ ეტაპისთვის საუკეთესო. ჩვენთვის მოსმენილი არგუმენტები მისაღებია და შემოთავაზებულ ვარიანტსაც ვეთანხმებით".









