„ჰონდამ“ გადაწყვიტა, რომ კანადის დიდ პრიზზე, „მაკლარენის“ ორივე ბოლიდზე ახალი ტურბო კომპრესორები დააყენოს. ამგვარად, იაპონური კომპანია მის ხელთ არსებულ ორ პირობით ჟეტონს გახარჯავს. ახალი ტურბინების დახმარებით, „ჰონდა“ ძალური დანადგარის შესაძლებლობების უფრო ეფექტურად ათვისებას იმედოვნებს.
რა თქმა უნდა, ახალი ტურბინების დანიშნულება, ძრავების სიმძლავრის გაზრდაა. თუმცა, როგორც ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომ“ იტყობინება, ძრავის კონსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების მთავარი მიზანი, ძალური დანადგარის, კერძოდ კი აღდგენილი ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენებაა.
„ჰონდას“ ძალური დანადგარის მთავარი უარყოფითი მხარე აქამდე სწორედ აღდგენილი ენერგიის არასრული ათვისებაა, რის გამოც, ჯენსონ ბატონი და ფერნანდო ალონსო მეტოქეებთან სწორზე სიჩქარეში აგებენ. დანადგარის ძირითადი ელემენტი - შიდაწვის ძრავი, მეტოქეებს თითქმის არ ჩამორჩება. მაგრამ პრობლემას სწორედ აღდგენილი ენერგიის არაეფექტური გამოყენება ქმნის.
„ონდას“ გარდა, სიახლე აქვს „მაკლარენის“ პარტნიორ ნავთობკომპანია „ექსონმობილს“, რომელმაც კანადური ეტაპისთვის ახალი საწვავი შეიმუშავა. ეს საწვავიც სიმძლავრის გაზრდას უზრუნველყოფს.







