„ჰაინკენმა“ და ფორმულა ერთმა მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. მხარეებმა ამასთან დაკავშირებით, მონრეალში სპეციალური პრეს კონფერენცია გამართეს. გარიგების ფინანსური მოცულობის შესახებ არაფერი თქმულა. მათ შორის გლობალური პარტნიორული ურთიერთობა სექტემბერში, იტალიის დიდ პრიზზე აიღებს სტარტს.
„ფ1-თან პარტნიორობა ერთ-ერთი უდიდესია ჩვენი კომპანიის ისტორიაში. ამიერიდან მსოფლიოს ეცოდინება, რომ ჩვენ ფორმულა 1-ში ვართ“, - განაცხადა „ჰაინეკენის“ უფროსმა დირექტორმა ჯანლუკა დი ტონდომ.
მომავალ სეზონში, ლუდის მწარმოებელი კომპანია სამი რბოლის ტიტულოვანი სპონსორი იქნება, ექვსზე კი მნიშვნელოვნად იქნება წარმოდგენილი. ამასთან, „ჰაინეკენის“ წარწერები არ დაამშვენებს რბოლებში მონაწილე ავტომობილებს. მართალია, გარიგება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც 18 წლის ჰოლანდიელმა მაქს ფერსტაპენმა თავის კარიერაში პირველი გამარჯვება იზეიმა, მაგრამ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.
დი ტონდო ამბობს, რომ ბერნი ეკლსტოუნთან მოლაპარაკება კარგა ხნით ადრე დაიწყო. მისი ვარაუდით, ფ1-ის წყალობით, „ჰაინეკენი“ მსოფლიოს მასშტაბით, 200 მილიონ ახალ კლიენტს შეიძენს. თავის მხრივ, ჰოლანდიური კომპანია ფ1-ს ახალ ფანებს შესძენს. ამგვარად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, ფორმულა ერთი „ჰაინეკენისთვის“ ახალი დიდი მარკეტინგული პლატფორმა გახდება. ცნობისათვის, „ჰაინეკენს“ ჩემპიონთა ლიგის სპონსორობა წლიურად 70 მილიონი დოლარი უჯდება.
ახალი პარტნიორობა მონცაზე იწყება, თუმცა ამ ავტოდრომს ძველი კონტრაქტი ამ სეზონში უმთავრდება, ახალი კონტრაქტი კი ჯერ არ გაუფორმებია. დი ტონდო ამბობს, რომ ფ1-სა და მონცას შორის ურთიერთობაში მისი კომპანია არ ჩაერევა, თუმცა როგორც იტალიელი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ფ1-მა იტალიური დიდი პრიზი შეინარჩუნოს.
„ჰაინეკენისთვის“ გამორჩეულ ეტაპებს შორის, დი ტონდო მონაკოს, ჩინეთის და მექსიკის რბოლებს ასახელებს, რადგან მონაკო ფ1-ის სიმბოლოა, ჩინეთი და მექსიკა კი ჰოლანდიური კომპანიისთვის სტრატეგიული ბაზრებია. „ჰაინეკენი“ ევროპის ლიდერი ლუდის მწარმოებელია.







